სოფია კოპოლა: “კინო – ეს ჩვენი საოჯახო ბიზნესია”

რაღაც მნიშვნელოვანის სათქმელად ყვირილი არაა აუცილებელი.

კინო – ეს ჩვენი საოჯახო ბიზნესია.

მე მამაჩემის გვერდით გავიზარდე. მის ცხოვრებაში ვიყავი ჩაფლული. ყოველ დღე რაღაც ახალს ვიგებდი. ჩემს მშობლებს სამოგზაუროდ მუდამ თან დავყავდი. ასე გავიცანი უამრავი განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვობაში აკირა კუროსავას სახლში დავტანტალებდი.

პირველად სიტყვა “გადაღებულია” სამი წლის ასაკში ვთქვი.

მამაჩემმა ჩემი დაბადება ფირზე აღბეჭდა. დღეს ამას ბევრი აკეთებს, მაგრამ მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო. სულ ახლახანს ფირი ხელახლა ვნახე – ძალიან დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზითაა გადაღებული, და ბევრი საინტერესო მომენტია. მაგალითად, როცა ექიმი ამბობს, რომ გოგო დაიბადა, მამაჩემს კამერა ხელიდან უვარდება.

ნათლია ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მას უპირობო შედევრად არასდროს ვთვლიდი. 1990 წელს, როცა მამამ მესამე ნაწილი გადაიღო, 18 წლის ვიყავი და ეს ჩემთვის მხოლოდ თამაში იყო, რაღაც – კოლეჯზე უფრო საინტერესო.

მამაჩემს იმდენად უყვარს კინო, რომ შეუძლებელია, მის გვერდით იყო და ამ სფეროში საკუთარი ძალების მოსინჯვა არ მოგინდეს.

მე სარეჟისოროზე არასოდეს მისწავლია, ამაზე არც კი მიფიქრია. უბრალოდ, ერთ დღესაც ავდექი და ამ პროფესიაში თავით გადავეშვი.

დღეს გაცილებით ბევრი ქალი რეჟისორია, ვიდრე მაშინ, როცა კარიერას ვიწყებდი. ვერ ვხვდები, ეს ყველას რატომ აოცებს. ჩემთვის ქალი ქირურგი ბევრად უჩვეულოდ ჟღერს, ვიდრე ქალი რეჟისორი.

მახსოვს: თვითმკვლელი ქალწულების (1999 წლის ფილმი) გადაღებისას მამაჩემი მომიახლოვდა და მითხრა: “სჯობს, “გადაღებულია” აქედან თქვა, რაც შეიძლება ხმამაღლა.” მე კი გავიფიქრე: “გადასაღებია, მამა, მადლობა, ახლა შეგიძლია, წავიხდე.”

ყოველთვის ყველა მეუბნებოდა, თუ როგორ ამაყობდა ჩემით მამაჩემი. თუმცა, ამას მხოლოდ ახლა მივხვდი, როცა დედა გავხდი. მაშინაც კი, როცა ჩემი გოგო უბრალო ფანქრით რაღაცას ხატავს, გაოცებული გავიფიქრებ ხოლმე: “ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს ჩემმა შვილმა დახატა!”

ორი შვილის დედობა და რეჟისორობა ნიშნავს იმას, რომ სხვა რაღაცებისთვის დრო ფიზიკურად აღარ გრჩება.

ვცდილობ, მაყურებელზე ბევრი არ ვიფიქრო.

საკუთარი თვალით დანახვას წარმოდგენა და ფიქრი მირჩევნია. ვერდანახვა წარმოსახვას ავითარებს.

ძალიან რთულია ისე გადაიღო ფილმი სიყვარულზე, რომ სულელი არ გამოჩნდე.

რა არის რეჟისურაში ყველაზე რთული? მანქანაში სცენის გადაღება. სცენარის წერის დროს ეს სირთულე გავიწყდება. მერე კი გადაღების დღე დგება და უბრალოდ არ იცი, როგორ ჩატენო კამერა მანქანაში.

სხვის სცენარზე არასოდეს მიმუშავია. არც კი ვიცი, ეს როგორ ხდება.

მამამ მთავარი რამ მასწავლა: არსად არ მოგეჩვენება შენი ფილმი ისეთი უვარგისი, როგორც მონტაჟისას.

მირჩევნია, ჩემს ფილმზე თქვან, რომ “საზიზღრობაა”, ოღონდ არა – “ნორმალური”.

ზოგჯერ უბრალოდ გიწევს, შენს ფილმს ცუდი მუსიკა დაადო.

ჯონი ქეში და ელვის კოსტელო – აი, ვის ვუსმენდი ბავშვობაში.

კარგად ყოფნა უსასრულოდ არ გრძელდება, თუმცა, კარგი დღეები მარადიულ მოგონებად რჩება.

ამის წინათ ჩემი მეგობრის 17 წლის გოგოსთან მოზარდთა სლენგზე ვსაუბრობდი და ამ პატარა, საყვარელმა გოგომ მითხრა, რომ ისინი ერთმანეთს ბოზებს, წაკლებსა და კახპებს ეძახიან.

20 წლამდე გამუდმებით დავხეტიალობდი. ადრე წავედი სახლიდან, კოლეჯში ჩავაბარე და ტანსაცმლის ფირმაც დავაარსე. თუმცა პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების შემდეგ მიხვდი, რა იყო ჩემი ნამდვილი საქმე.

კარაოკე ბილ მიურეისთან  – ჩემი ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარი მომენტია.

არასოდეს არავის უთხრა, სად აპირებ დასვენებას.

 

წყარო: www.esquire.ru

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments