სქესთა ომი – საუკუნის მატჩი, რომელმაც ისტორია დაწერა

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

რუბი სპარკსი და პატარა მის ბედნიერება – საკმარისია იმისთვის, რომ ჯონათან დეიტონის და ვალერი ფარისის ახალმა ფილმმა – სქესთა ომი დაგვაინტერესოს. ეს არის რეალური ისტორია წარმატებული ქალი ჩოგბურთელის, ბილი ჯინ კინგის შესახებ და გვიყვება პრობლემებზე, რომლებიც დღესაც აქტუალურია. სქესთა ომი 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფემინისტური ფილმია და როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ჩვენ ვუყურებთ ორი განსხვავებული სქესის დაპირისპირებას.

ჰოლივუდში ქალი მსახიობები არც ისე დიდი ხანია ალაპარაკდნენ უსამართლოდ გადანაწილებულ ჰონორარებზე. საუბარია არა უბრალოდ დაბალ, არამედ – კაცებთან შედარებით დაბალ ანაზღაურებაზე. ჯერჯერობით ამ ფაქტის წინააღმდეგ ისინი მხოლოდ სიტყვიერად იბრძვიან. 45 წლის წინ კი იმავე პრობლემის წინაშე იდგნენ ქალი ჩოგბურთელები, რომლებიც უბრალოდ ფაქტის აფიშირებას არ დასჯერდნენ და ბოიკოტი გამოუცხადეს იმ ტურნირს, რომელიც გამარჯვებულ ქალს, გამარჯვებულ კაცთან შედარებით, რვაჯერ ნაკლებ საპრიზო თანხას სთავაზობდა. რა თქმა უნდა, ბოიკოტი ერთადერთი ქმედება არ ყოფილა და მათ საკუთარი ტურნირი დააარსეს. ქალების ასეთი გადაწყვეტილების პასუხად, ექსცენტრიულმა ჩოგბურთელმა, ბობი რიგსიმ, “დუელში” გამოიწვია საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. სწორედ ამ მოვლენების საფუძველზე, 1973 წლის სექტემბერში შედგა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ბობი რიგსსა და ბილი ჯინ კინგს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ლაიტმოტივად გასდევს უთანასწორო მოპყრობა ქალთა სქესის მიმართ, ფილმი არ კარგავს იუმორისტულ ხაზსაც. ამის მიზეზი კი ბობი რიგსია, რომლის როლსაც იდეალურად მოერგო კომედიურ ფილმებში გამოცდილი მსახიობი სტივ კარელი. მიუხედავად ბობის სექსისტური განცხადებებისა, რომლებიც მატჩის წინ, “სიტყვიერი დაპირისპირების” (Trash Talk) დროს გაისმოდა, ის მაინც ახერხებს ჩვენს გამხიარულებას. სტივ კარელთან იდეალურ დუეტს ქმნის მთავარი როლის შემსრულებელი – ემა სტოუნი, რომელიც ტრიუმფალური წლის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად გადაიქცა. თუმცა, სქესთა ომის შემქმნელებს ლა ლა ლენდისგან მხოლოდ ოსკაროსანი მსახიობი არ “უსესხიათ”, ოპერატორი ლაინუს სანდგრენი ამ ფილმშიც ბრწყინვალე ოპერატორულ ნამუშევარს გვთავაზობს.

ბილი ჯინი (რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მაიკლ ჯექსონის ცნობილ ჰიტთან, თუმცა, ჯექსონისგან განსხვავებით, ელტონ ჯონს აქვს ბილი ჯინისთვის მიძღვნილი სიმღერა – Philadelphia Freedom) შეუპოვარი და მებრძოლი ქალის სიმბოლოდ იქცა. მისი ბრძოლა მხოლოდ კორტზე დაპირისპირებით არ დამთავრებულა. ჩოგბურთში თანასწორუფლებიანობის გარდა, ის ასევე იბრძოდა LGBT საზოგადოების უფლებებისთვისაც. მის აქტივობებს გარკვეული შედეგები ჰქონდა, თუმცა წლების შემდეგ ეს პრობლემა კვლავ დადგა: დღეს მსახიობი ქალები ალაპარაკდნენ თანასწორუფლებიანობაზე და იმედია, ბილი ჯინის მსგავსად, ისინიც მიაღწევენ წარმატებას კინოინდუსტრიის სქესთა ომში.

Comments

comments