სტენლი კუბრიკის წერილი ინგმარ ბერგმანს

 

ძვირფასო, ინგმარ

თქვენ, რა საკვირველია, საკმარისი აღიარება და წარმატება გხვდათ წილად მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაძლოა, ჩემი ეს წერილი სრულიად ზედმეტია… მაგრამ,  რაც არ უნდა იყოს, მე, როგორც კოლეგამ, უნდა შეგაქოთ და გამოვთქვა ჩემი მადლიერება იმ არაამქვეყნიური და ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც თქვენი ფილმების სახით გაიღეთ სამყაროსთვის (შვედეთში არასდროს ვყოფილვარ და ამიტომაც, თქვენი თეატრალური შემოქმედების ნახვის სიამოვნება არ მქონია).

ყოფიერების თქვენეულმა ხედვამ ძალიან ღრმად შემძრა,  იმდენად ღრმად, რომ ასე არასდროს არავის ფილმს უმოქმედია. მჯერა, რომ დღევანდელობის უდიდესი კინორეჟისორი ხართ. ამას გარდა, ნება მომეცით აღვნიშნო, რომ თქვენ ვერავინ შეგედრებათ განწყობისა და ატმოსფეროს შექმნაში, დახვეწილ შესრულებასა და არაბანალურობაში, დასრულებულ და სიმართლით სავსე პერსონაჟების შექმნის ხელოვნებაში. ამ ყველაფერს უნდა დაემატოს ისიც, რაც უშუალოდ ფილმის შექმნას ეხება. ასე მგონია, პირდაპირ დაგაჯილდოვეს მსახიობთა შესანიშნავი გუნდით. მაქს ფონ სიდოუ და ინგრიდ ტულინი ისე მკაფიოდ ცხოვრობენ ჩემს მეხსიერებაში.. და კიდევ ბევრი სხვა მსახიობი თქვენი ფილმებიდან, რომელთა სახელებიც უბრალოდ გონებიდან ამომივარდა. წარმატებას გისურვებთ თქვენ და ყველა მათგანს და  თითოეულ ფილმს მოუთმენლად დაველოდები.

საუკეთესო სურვილებით,

სტენლი კუბრიკი

 

9 თებერვალი, 1960

 

Comments

comments