თანასწორობის ფერი

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

სამი ფერი: თეთრი კისლიოვსკის ტრილოგიის მეორე ნაწილი, ხოლო თეთრი – საფრანგეთის დროშის მეორე ფერია. თუ პირველ ფილმს ლაიტმოტივად გასდევდა სახელმწიფო დევიზის პირველი სიტყვა – თავისუფლება, სამი ფერი: თეთრის შემთხვევაში, მთავარი გმირი სასამართლო დარბაზში სვამს კითხვას: სად არის თანასწორობა? (დევიზის მეორე სიტყვა). სასამართლო დარბაზი ტრილოგიის მთავარი გმირების – ულის, დომინიკის და კაროლის გადაკვეთის ადგილია. სასამართლოს აქვს სამი მთავარი შესასვლელი, რომელთა თავზეც წერია: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. პირველ ნაწილში ჟული სწორედ თავისუფლების კარიდან შედის შენობაში, ხოლო კაროლი კი – თანასწორობის შესასვლელიდან. ეს ფაქტიც ერთგვარი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო დევიზი ფილმების იდეას წარმოადგენს.

კაროლი, რომლის სახელიც პოლონური წარმოშობისაა და ნიშნავს ჩარლის, კისლიოვსკიმ ჩაპლინთან კავშირისთვის გამოიყენა. ჩაპლინი მთელს მსოფლიოს აცინებდა, თუმცა, ამავდროულად, ძალიან სევდიანი პერსონაჟი იყო. ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს კაროლიც და სწორედ კომედიური ხაზის გამო, ტრილოგიის ეს ნაწილი შედარებით მსუბუქად აღიქმება, სინამდვილეში კი ტრაგიკულია.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პრობლემა ცოლთან გაყრის შედეგად ჩნდება და არა ოჯახის წევრების დაღუპვის გამო (როგორც ეს ლურჯის შემთხვევაშია), მისი გადაჭრა, ანუ თანასწორობის მოპოვება, მაინც საკმაოდ დრამატულად ხდება. შემთხვევითი არაა პარალელების მუდმივი გავლებაც წინა ნაწილთან, რადგან ფილმი, თავისი სიმბოლიზმებით, პირდაპირაა კავშირში ლურჯთან. ული კარგავს ოჯახს და შემდეგ საკუთარი სურვილით იშორებს ნივთებს, ხოლო დომინიკი კაროლთან დაშორებისას მას ართმევს ფულს, სახლს და თავისუფლებას (ემუქრება ციხეში ჩასმით). კაროლს, ულისგან განსხვავებით, სხვა ადამიანი აკარგვინებს ყველაფერს, ხოლო თუ ული იტოვებს ერთადერთ ნივთს – ლურჯ ჭაღს, კაროლს თეთრი ბიუსტი მიაქვს სამშობლოში, ნივთი – უგრძნობი, უსიყვარულო, გაქვავებული გამომეტყველებით. მისთვის ბიუსტი დომინიკთან ასოცირდება, ადამიანთან, რომლისგანაც დიდი დამცირება და ტკივილი იწვნია, თუმცა, იმაზე მეტად უყვარს, ვიდრე აქამდე უყვარდა. კაროლს ერთადერთი მიზანი აქვს: ან შური იძიოს, ან კვლავ შეაყვაროს თავი დომინიკს და მისი სიყვარული თავისი სიყვარულის თანასწორი გახადოს, დაიბრუნოს დაკარგული თანასწორობა.

კაროლი პროფესიით დალაქია და სავარცხელს მუდამ თან ატარებს. ამ სავარცხელს ზოგჯერ მუსიკალურ ინსტრუმენტადაც იყენებს, თუმცა მისი მუსიკა ამჯერად ფილმის მთავარ საუნდტრეკს არ წარმოადგენს. ის საუნდტრეკი კი, რომელიც რამდენჯერმე გაისმის ფილმში, ლურჯის მსგავსად, კვლავ ზუსტად გადმოსცემს ფილმის ემოციას. მელოდია ამ ნაწილშიც საკმაოდ სევდიანია, თუმცა მასში პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობა მაინც იგრძნობა. მუსიკა ისმის ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც კაროლი მუშაობს და თავისი ქცევით ჩაპლინს ემსგავსება. შესაბამისად, ეს საუნდტრეკი უხდება როგორც დრამატულ, ასევე კომედიურ სცენებსაც.

მეორე ნაწილის სიმსუბუქეს რაღაც მხრივ დომინანტი ფერიც განაპირობებს. თუ ლურჯი უფრო მძაფრ და მძიმე გარემოს ქმნიდა, თეთრი ყველაფერს შედარებით ამარტივებს. ბიუსტი, თოვლიანი პოლონეთი, მტრედები, დომინიკის მანქანა, სადგური… თეთრი ეფექტებითაა ნაჩვენები ჯვრისწერის ფლეშბექებიც, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში სულ სამჯერ გვხვდება. ამ კადრებს ისეთივე ახსნა აქვს, როგორც წინა ნაწილში ფინალურ კადრებს და სწორედ ამ დროს ხდება მთავარი გმირებისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პროცესები.

პრობლემის გადაჭრის გზა კი კვლავ სიყვარულთან მიდის, სიყვარულთან, რომელიც მაშინაც კი არ დაუკარგავს კაროლს, როდესაც ღალატის მოწმე გახდა. დომინიკის და კაროლის ურთიერთობა რაღაცით ალბერტო მორავიას ნაწარმოების, ზიზღის პერსონაჟების ურთიერთობას ჰგავს. ემილიას ზიზღის გრძნობა უჩნდება ქმრის მიმართ და ამ ზიზღით განმსჭვალული, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რიკარდო კი უიმედოდ ცდილობს ცოლის სიყვარულის დაბრუნებას. სწორედ ამ ნაწარმოების ეკრანიზაციის პოსტერი კიდია დომინიკის ბინასთან და ეს შემთხვევითი არ არის. კაროლს საფრანგეთში, ზიზღით აღსავსე ცოლის გვერდით, აღარაფერი დარჩენია და ის ბრუნდება სამშობლოში, სადაც თანასწორობისთვის ბრძოლას უკეთ ახერხებს. თუმცა, პირველ ჯერზე, ულის მსგავსად, მიზნის მისაღწევად, ირჩევს არასწორ გზას – შურისძიებას. შურისძიების წყალობით, ერთი შეხედვით, აღადგენს კიდეც თანასწორობას, მაგრამ ამას მოსდევს კულმინაცია და ფილმის დასასრული…

ბოლო ეპიზოდში დომინიკი ციხის ფანჯრიდან და კაროლი – ქუჩიდან უყურებენ ერთმანეთს. მათ შორის უსიტყვო დიალოგი იმართება. კაროლის მოლოდინი, რომ დომინიკს შურისძიებისგან განადგურებულს ნახავს, არ მართლდება. კაროლი ისმენს (ხედავს) იმას, რასაც მთელი ფილმის განმავლობაში თავად ეუბნებოდა დომინიკს და მისგანაც იმავეს მოსმენას ცდილობდა:

როდესაც ციხიდან გამოვალ, ჩვენ ერთად დავტოვებთ ამ ადგილს, ან აქ დავრჩებით და კიდევ ერთხელ ვიქორწინებთ.

მათ ისევ უყვართ ერთმანეთი. კაროლი უყურებს დომინიკს, სევდიანად იღიმის და ცრემლები ჩამოსდის. ესე იგი, მიაღწიეს თანასწორობას, თუმცა არა შურისძიებით, არამედ სიყვარულით. ამ შემთხვევაშიც – სიყვარული აღმოჩნდება უპირატესი.

თუმცა, ნიშნავს კი ეს ფილმის ბედნიერ დასასრულს?!

Comments

comments