ტერი გილიამი: “ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემთვის ჰიტ ლეჯერის სიკვდილი იყო”

(ინტერვიუ ტერი გილიამთან)

 

იმის გამო, რაც თქვენი ფილმების გადაღებებზე ხდება, მეტსახელად “კაპიტანი ქაოსი”  შეგარქვეს. გადაღებებზე შექმნილი ქაოსი მეტი კრეატიულობისთვის ხომ არ გჭირდებათ?

(იცინის) ასე ნამდვილად არ არის. საერთოდ არ მჭირდება ქაოსი. პირიქით, წესრიგი მიყვარს და გარშემო ყოველთვის კარგად ორგანიზებული ჯგუფი მახვევია. როდესაც გადაღებების დროს რაღაც ახალი იდეა ჩნდება, ჩვენ ამ იდეას მსახიობებთან და ოპერატორთან ერთად ვამუშავებთ და ეს სულაც არ ქმნის ქაოსს. ახალი იდეა თუ მოგვეწონება, მასზე მაშინვე ორგანიზებულად გადავეწყობით ხოლმე. ძალიან გამართული სტრუქტურა გვაქვს, იმდენად, რომ მთავარი გმირის შემსრულებელიც რომ მოკვდეს, ყველაფერს ვიზამთ და ფილმს მაინც დავამთავრებთ. (იცინის)

ერთხელ მოხდა კიდეც ასე. ექიმ პარნასის წარმოსახვის გადაღებისას ჰიტ ლეჯერი დაიღუპა. ეს ამბავი როგორ გაიგეთ და მაშინ თუ ფიქრობდით, რომ ამ ტრაგედიის მიუხედავად, ფილმს მაინც დაამთავრებდით?

იმ პერიოდში ლონდონის ნაწილის გადაღებებს მოვრჩით. მე ვანკუვერში წავედი და ჰიტი – ნიუ-იორკში. ორი დღის შემდეგ გავიგე, რომ გარდაიცვალა. სახლში ვიჯექი და ვმუშაობდი, როდესაც ჩემმა შვილმა, ემიმ დამიძახა (ემი გილიამი ექიმ პარნასის წარმოსახვის პროდიუსერიც იყო). ლეპტოპში BBC-ის ახალი ამბავი მაჩვენა, სათაურით: ჰიტ ლეჯერი გარდაცვლილი იპოვეს.” მაშინ ეს ამბავი ვერც კი დავიჯერე. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა… ჩვენ მხოლოდ 40% გვქონდა გადაღებული და მაშინ ვფიქრობდი, რომ ფილმის დასრულებას ვეღარ შევძლებდით.

შემდეგ რა შეიცვალა?

ემიმ და დანარჩენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაღებების შეწყვეტის უფლება არ მომცეს. გარკვეული დრო იმაზე ფიქრმა წაიღო, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. როდესაც ფილმის გაგრძელება გადავწყვიტეთ და გადაღებები განვაახლეთ, მაშინაც კი არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ რამე გამოვიდოდა.

მისი სიკვდილის შემდეგ მედიამ ჰიტ ლეჯერისგან რაღაც გაურკვეველი ხატი შექმნა, ჯეიმს დინის ახალი ვერსია… შეგიძლიათ, გვითხრათ, სინამდვილეში როგორი იყო?

ეს ისტორიები სისულელეა… მედია ცდილობდა, ყველაფერი აბსურდულად დაეხატა, თითქოს ის აქამდე საკუთარმა პერსონაჟმა – ჯოკერმა მიიყვანა. ეს სისულელეა! ჰიტი მყარად იდგა მიწაზე და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ჰიტ ლეჯერი ბრწყინვალე ინტელექტის მქონე, კეთილი  და იუმორით სავსე ადამიანი გახლდათ.

როდესაც ფილმის – “ადამიანი, რომელმაც მოკლა დონ კიხოტი” გადაღებები დაიწყეთ, ძლიერ წვიმაში მოყევით და ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ისე ავად გახდა, რომ გადაღებების შეჩერება მოგიხდათ. ძმები გრიმების შემთხვევაში კი, პროდიუსერებთან შეხლა-შემოხლის გამო, გადაღებების დიდი ხნით გადადება მოგიწიათ. საინტერესოა, ამ კატასტროფებს იზიდავთ თუ თქვენ თვითონ იწვევთ?

არ ვიცი. ჰერცოგზე ვიცინოდი ხოლმე, მის გადაღებებს თან სულ კატასტროფები და საფრთხეები ახლავს-მეთქი, და მერე უცებ აღმოჩნდა, რომ მეც იმავე სამყაროში შევაბიჯე. არ ვიცი, რომელი შემთხვევა იყო სპეციალურად დაგეგმილი და რომელი – ჩემი გამოწვეული, ფაქტი ისაა, რომ ასე მოხდა.

მოკლედ, ყველანაირი ტრაგედია გამოსცადეთ – ავადმყოფობა, ბუნების რისხვა, ჩხუბი, სიკვდილი…

ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემთვის ჰიტ ლეჯერის სიკვდილი იყო. ტრაგედიასთან ერთად, ეს გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენაც ჩემს ცხოვრებაში. როგორც იცით, ექიმ პარნასის წარმოსახვაში – ჯონი დეპი, კოლინ ფარელი და ჯუდ ლოუც თამაშობდნენ. მათ ყველაფერი გაიღეს, რათა ფილმი დასრულებულიყო. მთელი ეს დრო თავდაუზოგავად იმუშავეს და თან მატერიალური სარგებლის გარეშე – მათ მთელი ჰონორარი ჰიტის ქალიშვილს მისცეს… ეს ნამდვილად საოცარი ამბავი იყო.

 

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments