ტორონტოს რიგით 42-ე კინოფესტივალი დაიწყო!

7 სექტემბერს, ვენეციის კინოფესტივალიდან მალევე, სხვა კონტინენტზე, სტარტი აიღო ტორონტოს კინოფესტივალმა, რომელიც ათ დღეს გაგრძელდება.

გახსნის დღეს აჩვენეს იანუს მეტზის ფილმი ჩოგბურთის ცნობილ მოთამაშეებზე – Borg/McEnroe, სადაც მთავარ როლებს შია ლაბაფი, სვერირ გუდნასონი და სტელან სკარშგორდი ასრულებენ. Borg/McEnroe ერთ-ერთია იმ სამი ფილმიდან, რომელიც ჩოგბურთის თემატიკას ეძღვნება. დანარჩენი ორი გახლავთ: Battle of the Sexes (ემა სტოუნისა და სტივ კარელის მონაწილეობით) და დოკუმენტური ფილმი – Love Means Zero. ამავე დღეს შედგა პრემიერა რეპ-დუელზე გადაღებული ფილმისა – Bodied, რომლის პროდიუსერიც ემინემია. ფილმის პრომოუტინგისთვის კანადელმა რეპერებმა, Kid Twist და Madness ლაივ რეპ-ორთაბრძოლაც გამართეს.

შარშან ფესტივალმა ფილმების რეკორდული რაოდენობა – 296 კინოსურათი უჩვენა. წელს კი 255 კინოსურათის ჩვენებას აპირებს, რაც მაყურებლისთვის ნამდვილ დილემას წარმოადგენს. მრავალი ინტერნეტ კინობლოგერი თავიანთ სიებს დებს, რათა კინომოყვარულებს საქმე გაუმარტივოს. ამ სიებში თითქმის ყველგან გვხვდება: The Death of Stalin (Armando Iannucci), The Shape of Water (Guillermo del Toro), The Captain (Robert Schwentke), Downsizing (Alexander Payne), Les Affamés (Robert Aubert), Mother! (Darren Aronofsky) და სხვა.

ცალკე აღნიშვნას საჭიროებს დოკუმენტური ფილმების პრემიერები, სადაც უდავო ფავორიტად ლედი გაგას იშვიათი კადრებით სავსე – Lady Gaga: Five Foot Two მოიაზრება. პრემიერა ტორონტოში დღეს შედგება, ხოლო მსოფლიო პრემიერა 22 სექტემბერს იგეგმება. ფესტივალზე მისული მაყურებელი ასევე იხილავს დოკუმენტურ ფილმებს შემდეგ მუსიკოსებზე: Grace Jones, The Tragically Hip, Michael Jackson, Sammy Davis Jr. და Eric Clapton.

 

მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა

Comments

comments