ტრიუმფალური წელი ნიკოლ კიდმანის კარიერაში

CANNES, FRANCE - MAY 23: Nicole Kidman attends the 70th Anniversary of the 70th annual Cannes Film Festival at Palais des Festivals on May 23, 2017 in Cannes, France. (Photo by Antony Jones/Getty Images)

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

 

ნიკოლ კიდმანს 20 ივნისს 50 წელი შეუსრულდა. გარდა იუბილისა, კინოსამყარო თუ პრესა ერთხმად აღნიშნავს, რომ 2017 წელი ავსტრალიელი ლამაზმანისთვის საუკეთესოა. ყველა მსახიობის კარიერაში არსებობს აღმავალი და დაღმავალი პერიოდები, თუმცა კიდმანს, სხვებისგან განსხვავებით, ნებისმიერ ეტაპზე თავიდან უწევდა იმის მტკიცება, რომ კარგი მსახიობია. წლევანდელი წელი ყვითელი პრესის ცინიკოს ჟურნალისტებსა თუ მაღალი ეშელონებიდან მომზირალ კრიტიკოსებს საბოლოოდ დაადუმებს. კიდმანი არასდროს ყოფილა მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავი. თუკი ერთ შემთხვევაში ცნობილი რეჟისორის ფილმში იღებდა მონაწილეობას, მეორე შემთხვევაში მეინსტრიმ სამყაროსთვის უცნობ, დამოუკიდებელ რეჟისორზე აკეთებდა არჩევანს. სწორედ ეს გახლავთ ოსკაროსანი მსახიობის ხიბლი და ძალა – მას ყველანაირი ტიპის პროექტში შეუძლია მონაწილეობის მიღება.

წლის დასაწყისში – ოსკარი

ბოლო ნომინაციიდან ექვსი წლის თავზე, ნიკოლს ოსკარზე წარადგენენ, ლომში შესრულებული როლისთვის. ეს მისი რიგით მეოთხე, ხოლო მეორეხარისხოვანი როლისთვის – პირველი ნომინაციაა. კიდმანი თამაშობს ავსტრალიელ დედას, რომელიც ინდოეთიდან ორ ღარიბ ბავშვს იშვილებს. ფილმი ნამდვილ ამბავს ეფუძნება და თავად მსახიობსაც, გარდა ბიოლოგიური შვილებისა, ორი აყვანილი ბავშვი ჰყავს. შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლი ფილმში საკუთარ თავს განასახიერებს…

ეს ფაქტი მის თამაშზე უდაოდ აისახა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები ოსკარის ნომინაციით დასრულდა. საერთო ჯამში, კიდმანი 20-მდე ნომინაციაზე წარადგინეს, მათ შორის ოქროს  გლობუსის, კინომსახიობთა გილდიისა და ბაფტასი.

50 წელი ახალგაზრდობის კულტის მოტრფიალე ჰოლივუდისთვის სასტიკად სნობური და ეიჯისტური თარიღია. ბოლო რამდენიმე წელს არ წყდებოდა ჭორები, რომ კიდმანის კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა და ის პასიურ მოღვაწეობაზე გადავიდა. შეიძლება ასეც იყო, – არ უარყოფს მსახიობი ჟურნალ Vogue-თან მიცემულ ინტერვიუში, რომლის გარეკანზეც ის უკვე მერვედ ხვდება (სექტემბრის ნომერი), თუმცა მის გეგმებში გაჩერება არ შედიოდა.

წლის შუაში – კანის დედოფალი

წელს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი – კანის კინოფესტივალი სამოცდამეათედ ჩატარდა. 1987 წლიდან მოყოლებული, ფესტივალი, ყოველი ათი წლის თავზე, მრგვალ თარიღებს საპატიო პრიზის გადაცემით აღნიშნავს და ამისთვის ყველაზე გამორჩეულ, დამსახურებულ, ცოცხალ კინოლეგენდას ირჩევს. 87-ში ეს იტალიელი ფედერიკო ფელინი გახლდათ, 97-ში ეგვიპტელი რეჟისორი – იუზეფ ჩაჰინე, ხოლო 2007 წელს ამერიკელი გას ვან სენტი. ამხელა შესავალი რისთვის დამჭირდა, ალბათ, მიხვდით. დიახ, სამი მამაკაცი რეჟისორის შემდეგ, 2017 წლის საპატიო პრიზის მფლობელი ნიკოლ კიდმანი გახდა!

ფესტივალზე კიდმანი ერთდროულად ოთხი ფილმით ჩავიდა, რაც ერთი მსახიობისთვის უპრეცედენტო რიცხვია. ესენი იყო: სოფია კოპოლას ცდუნება, იორგოს ლანტიმოსის The Killing of a Sacred Deer, რომლებიც მთავარ კონკურსში ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად იბრძოდნენ, ჯონ კემერონ მიტჩელის How to Talk to Girls at Parties, რომელიც Queer Palm-ის კონკურსში მოხვდა და ჯეინ კემპიონის სერიალის – ტბის ზედაპირზე მეორე სეზონის პრემიერა.

ოთხივე პროექტში კიდმანი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ და საინტერესო გმირებს ასახიერებს, თუმცა მსახიობი ფესტივალზე წასვლის საკითხზე ორჭოფობდა. იქ ჩასვლა მეშინოდა, – იხსენებს ნიკოლი წარუმატებელი მონაკოს პრინცესას შემდეგ, რომლის პრემიერაც ჩავარდა, – მაგრამ ჯეინმაც და სოფიამაც მითხრეს: “წადი და ნახავ, რომ ეს შენთვის სრულიად განსაკუთრებული გამოცდილება იქნება. ჩვენ გვერდში დაგიდგებით, არ ინერვიულო!” ისინი მართლები აღმოჩნდნენ. ეს ზღაპარს ჰგავდა. ერთ კარგ ამბავს მეორე ემატებოდა და ასე დაუსრულებლად...

ნიკოლს შეუძლია, ერთი ტიპის გმირების შექმნას გაექცეს, – ამბობს ლანტიმოსი, – შეუძლებელია, ის მხოლოდ დიასახლისი, მხოლოდ ექიმი ან უბრალოდ, დედა იყოს, რადგან ის სექსუალური, სასაცილო, ელეგანტური, საშიში და მოუქნელია, ზოგჯერ კი – ყველა ერთდროულად.

ძალიან ცოტაა ისეთი A-კლასის მსახიობი, რომელიც მიღწეულით არ კმაყოფილდება და მუდამ მშვიდად იწყებს ახლის მოსინჯვას, – ამატებს მიტჩელი, რომელთანაც ნიკოლმა 2010 წელს ითანამშრომლა ფილმში კურდღლის სორო (მესამე ნომინაცია ოსკარზე), – ამ კუთხით ის ნამდვილად უტოლდება იზაბელ იუპერსა და ტილდა სუინტონს.

რაღა თქმა უნდა, საქებარი სიტყვები არც კოპოლას დაუშურებია, – მე მიყვარს მისი დგომის მანერაც კი, რაც ნამდვილად დედოფლური აქვს.

კანის ტრიუმფით მთვრალ კიდმანს, თურმე, მთავარი ამბავი წინ ელოდა…

წლის ბოლოს – პირველი ემი

ლაჟვარდოვანი სანაპიროდან ნიკოლი ამერიკის კონტინენტს დაუბრუნდა. რამდენიმე თვით ადრე, წლის დასაწყისში სერიალის – დიდი პატარა ტყუილები პრემიერა შედგა. სამსახიობო გუნდი, სცენარი, რეჟისურა – ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა ამ პატარა, შვიდ-ეპიზოდიანი სერიალისთვის, რომელსაც, მოულოდნელად, უზარმაზარი წარმატება და გამოხმაურება მოჰყვა. ამას თუნდაც ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული სტატიების სათაურები ცხადჰყოფს: შეილინ ვუდლი ამერიკულ რეპრესიებზე, ძალადობაზე და იმაზე, თუ რატომ ეშინია ყველა მშობელს საკუთარი ბავშვის; ტყუილები, რომლებსაც ქალები გადასარჩენად ვამბობთ; ნიკოლ კიდმანმა ემის დაჯილდოების ცერემონიაზე ოჯახური ძალადობის შესახებ ისაუბრა.

წარმატება პირდაპირ აისახა ემი-ზე: 18 ნომინაცია, 8 გამარჯვება. კიდმანი აქაც მთავარ გმირად იქცა. ეს მისი პირველი ნომინაცია იყო სერიალში შესრულებული როლისთვის (შეგახსენებთ, რომ პირველად ემიზე მსახიობი 2012 წელს წარადგინეს, სატელევიზიო ფილმისთვის – ჰემინგუეი და გელჰორნი). გარდა ამისა, მას, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, არასოდეს არ მიუღია ამდენი დადებითი შეფასება ამერიკელი კრიტიკოსებისგან. ელენის შოუში მსახიობმა განაცხადა, რომ ხალხი ქუჩაში აჩერებს. ეს ფაქტი კი კარგად აჩვენებს, თუ რამხელა გამოხმაურება და სიყვარული მოჰყვა “ტყუილებს” ამერიკულ აუდიტორიაში, სადაც ამჟამად სერიალების ბუმი დგას და ერთდროულად ასობით სხვადასხვა ჟანრის შოუ გადის.

ნიკოლის თქმით: რაც უფრო შედიხარ ასაკში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყველაფერი. ეს სიგიჟეა. დიდი პატარა ტყუილები ბევრს ნიშნავს. ლომის წარმატება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თავის დროზე მულენ რუჟის წარმატება. როცა ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი მარტივი, მსუბუქი გეჩვენება…

ნიკოლ კიდმანი კინოს საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე კაშკაშა და პერსონაჟებით მრავალფეროვანი მსახიობი აღმოჩნდა. ამის დასტურია წლევანდელი წელიც. მომავალი კი არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურება: სავარაუდოდ, დიდი პატარა ტყუილების მეორე სეზონი, მთავარი როლი ჯოელ ედგერტონის ფილმში – Boy Erased და დედოფალ ატლანას როლი აქუამენში.

Comments

comments