ტვინ პიქსი: დევიდ ლინჩის ხანგრძლივი, სრულყოფილი გამოსათხოვარი?

 

2017 წელს 40 წელი გავიდა, რაც დევიდ ლინჩმა სადებიუტო ფილმი – საშლელთავა გადაიღო. მთელი ამ 40 წლის მანძილზე მისი ყველაზე პერსონალური პროექტი – ტვინ პიქსი: დაბრუნებაა, მიუხედავად იმისა, რომ სერიალი დახუნძლულია ვარსკვლავი მსახიობებით, უახლესი ციფრული ეფექტებითა და 18 ეპიზოდით. სინამდვილეში, ლინჩისთვის, როგორც დიდი გამოცდილების მქონე არტისტისთვის, ეს მეორე მშობლიური პროექტია, რომელშიც თავს უყრის ყველაფერს, რაც, როგორც კინორეჟისორმა, განვლილ ოთხ ათწლეულში შეიძინა.

ამავდროულად, დაბრუნებაში ყველაფერი ძველ ლინჩს გაგონებთ: უიღბლო კრიმინალები, ურწმუნო სამართალდამცავები, სექსუალურად მიმზიდველი ქალები, ყავა, ნამცხვარი, ალტერნატიული განზომილებები. სამსახიობო გუნდის შემადგენლობაც კი ძველია: თითქმის ყველა მთავარი როლის შემსრულებელს ლინჩთან ადრეც უთანამშრომლია. ლაურა დერნი თამაშობდა ლურჯ ხავერდში და შინაგან იმპერიაში; ნაომი უოთსი და რობერტ ფორსტერი – მალჰოლენდ დრაივში; ბალთაზარ გეტი – დაკარგულ გზაში; ჰარი დინ სტანტონი – გულით ველურებში, სტრეიტის ამბავში და ტვინ პიქსში. და ეს უბრალო თანამშრომლობა არ ყოფილა, – ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე რეჟისორის მეგობრები იყვნენ.

ახალ სეზონს ძველებურ ატმოსფეროს ანიჭებდა მეორეხარისხოვანი მსახიობების გამოჩენაც 90-იანების ტვინ პიქსიდან: დევიდ პატრიკ კელი – ტყეში მოხეტიალე მარტოსული, რომელიც სერიალის გმირებთან ინტერაქციაში მხოლოდ პირველ და უკანასკნელ ეპიზოდებში შევიდა; რიჩარ ბეიმერის უმისამართო გმირი; კეტრინ კოულსონის გმირი – Log Lady. მისი გამოჩენა სერიალის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, რადგან მსახიობი გადაღებების დაწყებიდან მალევე გარდაიცვალა და არსებული კადრების გამოყენებით ლინჩმა მის ხსოვნას პატივი მიაგო.

გარდა ამისა, სერიალის სტრუქტურა, რეკვიზიტები, თუ მუსიკალური გაფორმება, კვლავ ლინჩის წარსულის ექოა. ჩვენ ვნახეთ კრისტა ბელის, რებეკა დელ რიოს, ტრენტ რეზნორისა და ჯული კრუიზის კამეოები. ისინი ლინჩთან წლების განმავლობაში თანამშრობლობდნენ. ასევე, უნდა ვახსენოთ ამ სეზონისთვის დაბრუნებული კომპოზიტორი, ანჯელო ბადალამენტი. აგენტ კუპერის მრავალმა პიროვნებამ დაკარგული გზა გაგვახსენა, ხოლო ბოლო ეპიზოდის დასასრულმა – მალჰოლენდ დრაივის ფინალი.

სწორედ ეს ერთ-საათიანი ფინალი გახდა ლინჩის ყველაზე ღირსშესანიშნავი დაბრუნება მის წარსულთან, სადაც აგენტი კუპერი რეალური სამყაროს მსგავს სხვადასხვა განზომილებაში მოგზაურობს. შოუ უკვე შეფასდა, როგორც ლინჩის სოციალურად ყველაზე შეგნებული, მწვავე ნამუშევარი, რომელიც აჩვენებს ამერიკაში მზარდი სიღარიბის პრობლემასა და ძალადობისკენ მიდრეკილებას: “ნათელი კვდება” – განაცხადა Log Lady-მ ფინალურ ნაწილში.

და მაინც, ფინალური ეპიზოდი საოცრად მიწიერი, ჩვეულებრივი და მისტიკისგან დაცლილი გამოდგა, რაც ლინჩს არასოდეს ახასიათებდა. სერიალის კულმინაციურ მომენტში კი, როცა აგენტი კუპერი მერი რებერს – პალმერის სახლის რეალურ მფლობელს უნდა დაუპირისპირდეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ის დაღლილია…

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისმის კითხვა: ტვინ პიქსი: დაბრუნება ლინჩის მხატვრული გამომგონებლობის უკანასკნელი სიტყვა, გამოსათხოვარი ხომ არაა? 71 წლის ასაკში რეჟისორმა ქუდი ხომ არ დაიხურა? წელს გამოსულ დოკუმენტურ ფილში – დევიდ ლინჩი: ხელოვნებით ცხოვრება ჩანს, რომ ის უფრო მეტ დროს შინ ყოფნას უთმობს და ამით ბედნიერია. თუკი დაბრუნება ლინჩის უკანასკნელი ნამუშევარია, ეს ნამდვილად ბრწყინვალე დასასრული იქნებოდა. თუმცა, შესაძლოა დაბრუნება გავიგოთ, როგორც მისი პიროვნების დაბრუნებად რეალურ, ძალადობრივ, სასტიკ სამყაროში, რომლისგანაც მთელი ამ წლების მანძილზე საკუთარი შემოქმედებით გარბოდა.

 

წყარო: www.theguardian.com

მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა

Comments

comments