ტყუილები, რომლებსაც ქალები გადასარჩენად ვამბობთ

                                                                    

                                                    გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს!

 

ბავშვობაში ჯოპლინას მეძახდნენ. ჯოპლინი მიყვარდა, თუმცა ზედმეტსახელი თმის გამო შემერქვა – ისე მქონდა გაჩეჩილი, ჩიტი ბუდეს თავისუფლად გაიკეთებდა. მერე გავიზარდე, თმის გასწორება დავიწყე და ჯოპლინს აღარ ვგავდი. სამაგიეროდ, მისი მუსიკის მოსმენა არასდროს შემიწყვეტია და ბიგ მამა თორნტონი რომ არ აღმომეჩინა, ჩემთვის მუსიკაში დღემდე ნომერ პირველ ქალად დარჩებოდა. ჯოპლინს იმიტომ ვახსენებ, რომ HBO-ს ახალი სერიალის – დიდი პატარა ტყუილების ერთ-ერთი საუნდტრეკი მისი Ball and Chain-ია. საერთოდაც, სერიალი ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა – მას ძალიან გემოვნებიანი მუსიკა ადევს.

ალბათ, გიკვირთ სერიალზე საუბარი მუსიკით რომ დავიწყე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს: კინო (სერიალი) არ არის ლიტერატურა. ის გამოსახულების, ფერის, ტექსტის და მუსიკის ნაზავია, და მე გულწრფელად მჯერა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დიდი პატარა ტყუილები შექმნეს – რეჟისორმა, ოპერატორმა, მხატვარმა თუ კომპოზიტორმა, თავისი საქმე ძალიან კარგად იციან. ამჯერად კი განსაკუთრებულ ყურადღებას სცენარზე გავამახვილებ, რადგან როგორც სიდ ფილდი იტყოდა: შეიძლება შენ კარგი სცენარით ცუდი ფილმი გადაიღო, მაგრამ შეუძლებელია, ცუდი სცენარით კარგი ფილმის შექმნა მოახერხო.

დიდი პატარა ტყუილების სცენარისტები, ლაიან მორიარტი და დევიდ კელი, უბრალოდ, გიჟები არიან. სცენარი ფანტასტიურია! ყველაფერი მათემატიკური სიზუსტითაა გათვლილი და სტრუქტურაში მოქცეული. პირველი სერიის დაწყებისთანავე ინციდენტი ხდება – მაყურებელი ხედავს, რომ პოლიცია უცნობებს ჩვენებებს ართმევს (მოგვიანებით ეს პერსონაჟები აქა-იქ გაიელვებენ ხოლმე) და მაყურებელმა დასაწყისიდანვე იცის: ვიღაც მოკლეს, თუმცა, არ იცის – ვინ.

სიმართლე გითხრათ, მსგავსი რამ არცერთ სხვა სერიალსა თუ ფილმში არ მინახავს. ნებისმიერ დეტექტივში ჩვენ თავიდანვე ვიცით მსხვერპლის ვინაობა და ვიძიებთ – მკვლელისას. ან მკვლელიც ვიცით და პოლიციას ვგულშემატკივრობთ, რომ მისი დაჭერა მოახერხოს. მოკლედ, ტყუილებში საქმე სხვაგვარადაა და მე პირადად ეს მომენტი ძალიან მხიბლავს.

რაც შეეხება მთავარ გმირებს, სცენარისტი ახერხებს, შექმნას დასამახსოვრებელი პერსონაჟები, რომლებსაც განსხვავებული ფსიქოლოგიური თავისებურებები, შიშები, სურვილები და მისწრაფებები გააჩნიათ, და რაც მთავარია – აქვთ წარსული, რომელიც მათ აწმყოზე ახდენს გავლენას და მათ ქმედებებს განსაზღვრავს.

მედელინ მაკკენზი (რიზ უიზერსპუნი) იმ ტიპის ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც გამუდმებით სრულყოფილებისკენ ისწრაფვიან. ისინი იდეალური დედები და იდეალური ცოლები არიან, მაგრამ ხშირად ამ იდეალურობის მიღმა შინაგანი ტანჯვა და არარეალიზებული სურვილები იმალება. მედელინის შემთხვევაშიც ასეა: მედელინი დომინანტია. ოჯახში გადაწყვეტილებებს ის იღებს და მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით გრძნობს ქმრის მხარდაჭერას, მისდამი ვნება გამქრალი აქვს. მედელინი ცდილობს, ეს ფაქტი საკუთარ თავს დაუმალოს და კარგი ცოლის როლის თამაში განაგრძოს, მაგრამ გარკვეულ მომენტში იძულებული ხდება, აღიაროს, რომ სხვა კაცისადმი გრძნობს მიზიდულობას (აქ კი მისი იდეალურობის სტანდარტები ირღვევა!) და რომ ჩვეულებრივი ქალია, რომელსაც ჩვეულებრივი, ადამიანური მისწრაფებები გააჩნია.

ჯეინ ჩეპმენს (შეილინ ვუდლი) პოსტტრავმული სტრესი აქვს, რაც წარსულის უეცარ გაელვებებში ვლინდება. ადვილი შესაძლებელია, ჯეინი ალკოჰოლიკი ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული ყოფილიყო, სძულებოდა შვილი, რომელიც ძალადობის შედეგად მოევლინა ქვეყანას, მაგრამ ჯეინი არ გაურბის პრობლემას. პირიქით – აანალიზებს მას და ბრძოლისთვის სწორ გზას ირჩევს. ჯეინი უარყოფით ენერგიას ფიზიკურ აქტივობებში ხარჯავს, ზოგჯერ განმარტოებული ყვირის კიდეც და საკუთარ თავს აიძულებს, სტრესი და შიშები დაძლიოს. ჯეინი კარგი დედაა. ის შვილს ენდობა, ზრდასრულივით ელაპარაკება და მხარში უდგას, და რაც მთავარია: ემოციური ჩავარდნების მიუხედავად, სწამს, რომ გაიმარჯვებს.

 

რაც შეეხება სელესტას (ნიკოლ კიდმანი), ამბავი A (ძირითადი ამბავი) მის გარშემო ვითარდება. სერიალის პროტაგონისტი სელესტაა – ქალი, რომელზეც, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად, გამუდმებით ძალადობენ.

კარგად მახსოვს, როდესაც სელესტას ქმარმა პირველად დაარტყა, საშინელი ემოციები დამეფულა. თანაც ამ სცენას მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა, რადგან მანამდე ჩვენ ვხედავდით კაცს, რომელიც შვილებს ართობდა, თბილად ექცეოდა. მოკლედ, იდეალური მამა და იდეალური ქმარი ჩანდა, და ამ უეცარმა გარდაქმნამ თავზარი დამცა. მოულოდნელობის ეფექტის შექმნა კი სცენარის კიდევ ერთი დამსახურებაა.

რატომ ითმენს სელესტა? ის ხომ განათლებული, გონიერი ქალია, რომელიც წარსულში წარმატებული ადვოკატი იყო? და აი აქ, ჩვენ მივდივართ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემასთან, რომლის წინაშეც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, უამრავი ქალი დგას: სელესტა ვერ აცნობიერებს, რომ ძალადობის მსხვერპლია. პრობლემის გამოსწორება კი გამორიცხულია, თუ არ ვაღიარებთ, რომ პრობლემა გვაქვს. ამას ადასტურებს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტები, ქმართან დიალოგები. თუმცა, დიდი პატარა ტყუილები იმიტომაცაა კარგი სერიალი, რომ ჩვენ პერსონაჟის განვითარების და გარდაქმნის მოწმენი ვხდებით. სელესტა იცვლება. სელესტა აანალიზებს. სელესტა ბრძოლას იწყებს და სელესტამ იცის, რომ უკან აღარ დაიხევს.

სერიალის დასასრულს მთავარი გმირები განსხვავებული პიროვნებები არიან, ვიდრე სერიალის დასაწყისში იყვნენ. ეს კი კინოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. მან პერსონაჟის, სოციალური ჯგუფის თუ გარემოს ცვლილება უნდა გვაჩვენოს. სიუჟეტი შეკრულია. მაყურებლები კვანძის გახსნას დაძაბულები ველით, მერე კი გვეუფლება განცდა, რომ გავიმარჯვეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

დიდი პატარა ტყუილები შეიძლება ერთგვარ მოწოდებადაც ჩავთვალოთ. მოწოდებად ქალებისთვის, რომლებიც დამცირებას, შეურაცხყოფას და ძალადობას ითმენენ, რომლებიც საპირფარეშოში ჩაკეტილები ტირიან, მერე კი დალურჯებულ ადგილებს ტონალური კრემით იფარავენ და გარეთ გაღიმებული სახეებით გამოდიან, თითქოს არც არსებობდეს მეორე ცხოვრება, სადაც ყოველდღიურად ჩაგრავენ და კლავენ მათში პიროვნებას, რომელსაც, მაგალითად, სელესტა რაითი ან ჯეინ ჩეპმენი ჰქვია.

 

                                                                  ავტორი: მარი ბექაური

Comments

comments