უეს ანდერსონი: “ხალხი ამბობს, რომ ეს მე ვარ.”

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

ალბათ, რეჟისორის გარეგნობით თუ გამომეტყველებით გარკვეულწილად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, როგორია მისი ფილმები. ტარანტინო, ლინჩი, ვუდი ალენი და სხვა გენიალური რეჟისორები ნამდვილად ჰგვანან საკუთარ ფილმებს. ხოლო როდესაც ვხედავთ ლურჯთვალა კაცს, ნათელი სახით და სხვადასხვა ფერის კოსტიუმით, ვვარაუდობთ, რომ მისი ფილმებიც ასეთივე ნათელი და ფერადი იქნება. მართლაც, უეს ანდერსონის ხელწერა დახვეწილი და გემოვნებიანი ფერთა პალიტრაა. ის ფილმებში სულ მცირე დეტალებზეც კი ამახვილებს ყურადღებას და ამიტომაც, ყოველთვის ყველაფერი ერთმანეთთანაა შეხამებული. რა პრინციპით არჩევს ფილმებისთვის ფერებს, დევს თუ არა რაიმე აზრი, მინიშნება ამ ფერებში, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მაყურებელი პირველივე წამიდან ისე იძირება მის ფერად სამყაროში, რომ მინიშნებებს აღარც დაეძებს.

ანდერსონი თითოეულ ფილმში ოთხ-ხუთ ძირითად ფერს იყენებს. ვიდეოში, მესამე წუთზე – სხვადასხვაფრად შეღებილი ფურგონი (შეუდარებელი მისტერ ფოქსი-დან) შეგვიძლია პალიტრის სახით წარმოვიდგინოთ და რეჟისორის მინიშნებად ჩავთვალოთ.

უეს ანდერსონის ხელწერაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ სიმეტრიულ კადრებზე ქრონიკული დამოკიდებულებაც. თავის დროზე ამ ხერხს კუბრიკი მიმართავდა და მას რამდენიმე სხვა რეჟისორთანაც შეხვდებით, თუმცა, მსგავს კადრებს არავინ იყენებს ისე ხშირად, როგორც უეს ანდერსონი. სწორედ ამიტომ, როცა ანდერსონის ფილმებს ვუყურებთ, გვაქვს შეგრძნება, თითქოს ფოტო-ალბომს ვათვალიერებდეთ. ამ “ალბომში” კი ყველაზე საინტერესო ადამიანების, და შეუდარებელი მისტერ ფოქსის შემთხვევაში – ცხოველების, პორტრეტებია, რომლებზეც ემოციები ძალიან თვალსაჩინოა.

სიმეტრია ყველაზე უკეთ აღსაქმელი სტატიკური კადრების დროს არის, თუმცა, უესი ხშირად იყენებს tracking shot_საც. ის კამერას რელსებზე დებს და სხვადასხვა მიმართულებით დასრიალებს. ხან დაჰყვება პერსონაჟებს და ხანაც, უბრალოდ, ერთი ოთახიდან მეორე ოთახზე გადადის, რა დროსაც კადრი უფრო დინამიკური ხდება და სცენასაც მეტ ენერგიას ჰმატებს.

ყველა რეჟისორს ჰყავს ფავორიტი/მეგობარი მსახიობები, რომლებსაც საკუთარ ფილმებში ხშირად ასაქმებს. უეს ანდერსონის შემთხვევაში, თითქმის ყველა მსახიობს მის ფილმებში მინიმუმ ორი როლი მაინც აქვს ნათამაშები, მაგრამ ბილ მიურეისა და ძმები უილსონების მიმართ (რომლებთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს) რეჟისორს განსაკუთრებული დამოკიდეუბლება გააჩნია. ბილ მიურეიმ ანდერსონის ყველა ფილმში ითამაშა, გარდა პირველი, სადებიუტო ფილმისა რაკეტა ბოთლში და მას კვლავ ვიხილავთ (მოვისმენთ) ახალ ანიმაციურ ფილმში ძაღლების კუნძული. ასეთი ერთგულება რეჟისორსა და მსახიობებს შორის ანდერსონის კარგ თვისებებზე მეტყველებს, თუმცა, არსებობს ისეთი მსახიობიც, ვისთანაც კონფლიქტი აქვს (ჯინ ჰეკმანი), და სავარაუდოდ, მათი კოლაბორაციაც ამიტომ შედგა მხოლოდ ერთხელ ფილმში – ტენენბაუმების ოჯახი.

ერთი შეხედვით, უესის პერსონაჟებს სპეციფიური, უცნაური იუმორი ახასიათებთ და მათი დანახვა სხვა ჭრილში რთულია. თუმცა, მიუხედავად ზღაპრული, ფერადი და მხიარული სცენებისა, ანდერსონი დრამატულ და პრობლემატურ თემებზე საუბრობს. მის ბევრ ფილმში ძირითადი თემა ოჯახია და სიუჟეტიც სწორედ მის გარშემო ტრიალებს (თუნდაც ტენენბაუმების ოჯახი). თემატიკა, რომელიც ნამდვილად დრამატულია, ძალიან მსუბუქი იუმორითაა გადმოცემული და ის სცენებიც კი, სადაც თვითმკვლელობაზე ლაპარაკობენ, ჩვენში ღიმილს იწვევს. ფილმი რაშმორი ახალგაზრდა მაქს ფიშერზე მოგვითხრობს, რომელიც სწავლის მხრივ სერიოზული პრობლემის წინაშე დგება. მას გამოსაცდელ ვადას უნიშნავენ, თუმცა მაინც ვერ ახერხებს სწავლაზე კონცენტრირებას, რადგან თავისი მასწავლებელი უყვარდება. გარდა იმისა, რომ უფროსი მასწავლებლისთვის თავის შეყვარება რთული და ხშირად წარმოუდგენელიცაა, მაქსის ტრაგედიას ემატება ერთი უსიამოვნო ფაქტიც – ჰერმანი. ჰერმანი მაქსის უფროსი მეგობარია, რომელიც მასწავლებელ როზმარის გულის მოსაგებად ბრძოლაში ერთვება. ბუნებრივია, როდესაც ფილმის ამ ნარატივს ვისმენთ, მის დრამატულ მხარეს ვიაზრებთ, თუმცა, რეჟისორის წყალობით, მაინც სასიამოვნო ემოციები გვრჩება და ხშირად გვეღიმება.

უეს ანდერსონის საუკეთესო ფილმად სასტუმრო “გრანდ ბუდაპეშტი” ითვლება. ამ ფილმით ის პირველად წარადგინეს ოსკარზე – საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. თუმცა, რთულია, უესის ფილმები ერთმანეთს შეადარო და რომელიმე გამოარჩიო. ის თავის სტილსა და პრინციპებს არცერთ ფილმში არ ღალატობს. სასტუმრო “გრანდ ბუდაპეშტის” დამდგმელი მხატვარი, ადამ სტოქჰაუზენი, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: თავდაპირველად ჩვენ დავიწყეთ ვარდისფერით, რადგან მე ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მართალი ფერია. თუმცა, თუ ყველგან და ყველაფერში ვარდისფერს გამოიყენებ, მისი აღქმის უნარს კარგავ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ცოტ-ცოტა სხვა ფერებიც დაგვემატებინა და საბოლოოდ ეს ბევრად უკეთ აღსაქმელი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა, “სასტუმრო ბუდაპეშტი” პირველი ფილმი აღმოჩნდა ანდერსონის ფილმებიდან, რომელმაც საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის ოსკარი მიიღო.

მოკლედ, უეს ანდერსონი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო რეჟისორია. თავად მისი დამოკიდებულება კი იმ ფაქტის მიმართ, რომ საზოგადოებაში მისი ფილმები ადვილად საცნობია, ასეთია: მე არ მინდა, რომ შეუმჩნეველი სტილი მქონდეს. ჩემი წერის სტილი, ჩემი დადგმები და გადაღებები – ხალხი ამბობს, რომ ეს მე ვარ, მაგრამ ეს არაა ჩემი არჩევანი, – ბუნებრივად მოხდა და მხოლოდ ჩემი, როგორც რეჟისორის, ინდივიდუალურობაა.

Comments

comments