უოლტ დისნეი: “გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ერთი უბრალო თაგვით დაიწყო”

 

ვნერვიულობ, როცა კრიტიკოსები ჩემს ნამუშევარს აქებენ. სულ მგონია, რომ თუ მათი გული მოვიგე, ე.ი. ვერ ვასიამოვნებ იმ მშვენიერ, ფართო აუდიტორიას, რომელიც ნამდვილად მიყვარს.

ყველას რატომ უნდა აწუხებდეს ჩემი აზრი ხელოვნებაზე?

ჩვენ არ ვართ მხატვრები, ჩვენ უბრალოდ კინო-პროდიუსერები ვართ, რომლებსაც თქვენი გართობა სურთ.

ყველა მხატვარ-პორტრეტისტი (თუ, რა თქმა უნდა, ის ფოტო-სურათს არ აკოპირებს), მოდელისთვის დამახასიათებელ სახის ნაკვთებს ამუქებს და აზვიადებს. ფრთხილად იყავით და მიკი მაუსის ყურები არ მიმახატოთ!

არ მყავს საყვარელი მხატვრები, ამაში აზრს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, გამოფენებზე დავდივარ და მშურს მათი, ვინც ადამიანისა და პეიზაჟის დახატვას ახერხებს, მაგრამ ჩემთვის ნახატი უბრალო ვიზუალურ ობიექტზე ბევრად მეტია.

ფილმზე მუშაობის დროს ყველა ბედნიერია, მაგრამ სამუშაოს დასრულების შემდეგ მოულოდნელი იმედგაცრუება გარდაუვალია. ფილმის პირველი ნახვის შემდეგ ყველა დარწმუნებულია, რომ ამის გაკეთება უფრო უკეთესადაც შეიძლებოდა. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი საქმის სირთულე – არასოდეს ვართ კმაყოფილები.

ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი საოცარი კომპანიის შექმნაა. მე ჯანმრთელი ვარ და ამ ბიზნესში ყოფნის 40 წლის შემდეგაც ვგრძნობ, რომ შემიძლია, გავაგრძელო მის ნაწილად ყოფნა. მაყურებელი ამ წლების შრომას იღებს, აფასებს და ჩემთვისაც მთავარი ჯილდო სწორედ ესაა.

ისინი, ვისაც ფული აქვთ, ყოველთვის ბედნიერები არ არიან. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებისგან ბევრად მეტ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე მილიონერები – იმიტომ, რომ ისინი აკეთებენ იმას, რისი კეთებაც სურთ.

მე ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მსურს.

ჩემთვის უბრალოდ ფულის გამომუშავება მოსაწყენი იყო. მე რაღაცების შექმნა, კეთება მინდოდა და ფულიც მხოლოდ ამ მიზნების მიღწევის საშუალებაა.

ოცნებების ახდენის ფორმულა 4 სიტყვაშია: ცნობისმოყვარეობა, სითამამე, თავდაჯერებულობა და სიმტკიცე. მათგან უმთავრესი – თავდაჯერებულობაა. თუკი რაღაცის გჯერა, ბოლომდე უნდა გჯეროდეს.

ოცნებები ხდება, თუ გყოფნის სიმამაცე და ბოლომდე მიჰყვები მათ.

ვერ შევძელი ბანკირთა დარწმუნება იმაში, რომ დისნეილენდი წარმატების მომტანი იქნებოდა, რადგან ოცნებები უზრუნველყოფის არც თუ ისე საიმედო საშუალებაა.

თუ რაღაცის წარმოდგენა შეგიძლიათ, ე.ი. მისი შექმნის უნარიც შეგწევთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ერთი უბრალო თაგვით დაიწყო.

დისნეილენდზე როცა დავიწყე მუშაობა, ჩემი ცოლი მეუბნებოდა: “რად გინდა გასართობი პარკის შექმნა? იქ ხომ სიბინძურეა?” მე კი ვპასუხობდი, რომ ჩემს პარკში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

შეძლო შეუძლებელი – ეს გართობის ერთგავრი საშუალებაა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბედნიერებაში! დისნეილენდი – ეს თქვენი ტერიტორიაა. აქ სიბერე წარსულის ტკბილ მოგონებებს უბრუნდება, ხოლო ახალგაზრდობა მომავლის გამოწვევებსა და იმედებს ხვდება. დისნეილენდი ამერიკის შემქმნელ იდეალებს, ოცნებებსა და მყარ ფაქტორებს ეძღვნება. იმედია, რომ ეს ადგილი მთლიანი მსოფლიოსთვისაც ბედნიერებისა და შთაგონების წყაროა.

დისნეილენდში სეირნობისას ყოველთვის მის გაუმჯობესებაზე ვფიქრობ.

ყველას ჰგონია, რომ დისნეილენდი ოქროს საბადოა. პრობლემები ჩვენც გვაქვს და მათზე მუშაობაა საჭირო. თუნდაც, პარკში სისუფთავის შენარჩუნება უდიდეს ხარჯებს გულსიხმობს.

დისნეილენდი დაუსრულებელია. მანამ, სანამ ბუნებაში წარმოსახვა იარსებებს, ის მუდმივ ზრდაში იქნება.

ჩემთვის მიკი მაუსი დამოუკიდებლობის სიმბოლოა. მისი შექმნის იდეა მატარებელში, მანჰეტენი-ჰოლივუდის გზაზე გაჩნდა, ზუსტად იმ დროს, როცა ჩემი და როის (უოლტ დისნეის უფროსი ძმა) საქმეები ცუდად მიდოდა და კატასტროფის მოახლოებას ვგრძნობდით.

მიკი მაუსი ყველა იმ ქალზე მეტად მიყვარს, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.

მიკი მაუსისადმი მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვქონდა – მას ხალხი უნდა გაერთო. ჩვენ ის სოციალური სიმბოლოთი არ დავტვირთეთ, არც რუპორად და სატირის იარაღად გამოგვიყენებია. მიკი უბრალოდ პატარა არსებაა, რომლის მოწოდებაც ხალხის გაცინებაა.

მანამ, სანამ პერსონაჟი ინდივიდი არ გახდება, მას არავინ დაუჯერებს. ის შეიძლება იყოს სასაცილო, ან საინტერესო, მაგრამ სანამ მაყურებელი მასთან საერთოს ვერ დაინახავს, ყოველთვის გამოგონილ პერსონაჟად დარჩება.

სიქველების არასოდეს მწამდა. არ მინდა მათ შექმნაზე დროის ხარჯვა. მირჩევნია, ეს დრო რაიმე ახლის შექმნას დავუთმო.

ფანტაზიებში ჩაშვებისას რეალობას არ უნდა ავცდეთ.

ყოველი ღიმილის მიღმა ცრემლის წვეთი უნდა იმალებოდეს.

სიცილი მარადიულია, ოცნებები – მარადიულია.

ფილმებს მარტო ბავშვებისთვის არ ვიღებ. მე მათ თითოეულ ჩვენგანში მცხოვრები ბავშვისთვის ვქმნი, იქნება ის 6 წლის, თუ 16-ის. ბავშვური უმანკოება ყველაზე ცუდ ადამიანშიცაა, თუნდაც სადღაც, სიღრმეში ჩაფლული.

ჩვენი სამყაროს უბედურება იმაშია, რომ ზედმეტად ბევრი ადამიანი იზრდება და სერიოზულდება.

ჩემს შვილებს არასოდეს არ ვეპყრობოდი ისე, თითქოს ისინი სუსტი ყვავილები ყოფილიყვნენ და სხვასაც ამ მიდგომას ვურჩევდი. ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, სიბნელესაც და სინათლესაც. არ ვიქნებოდით გულწრფელები, თუ თავს მოვიკატუნებდით, რომ სამყაროში სიბნელე არ არსებობს. ჩვენს შვილებს რეალობის დამალვით კარგს არაფერს ვუკეთებთ. საჭიროა, მათ ვასწავლოთ, რომ ბოროტება სიკეთესთან მუდამ მარცხდება და ჩვენც, ჩვენი ნახატი ფილმებით სწორედ ამას ვცდილობთ.

თუკი ერთხელ მაინც შეიგრძნობ თავისუფლებას, აღარასდროს დათანხმდები მონობას. შესაბამისად, ის საშინელებები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ – დროებითია. ხვალ უკეთესი დღე დადგება და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამერიკა თავისი იდეალების: თავისუფლებისა და უკეთესი ცხოვრების ერთგული დარჩება.

მე უფლის და ამერიკის მადლობელი ვარ, რომ შვილები ტოლერანტულ, დემოკრატიულ და თავისუფალ დროში აღვზარდე.

თუ ჩემს თვალებში ჩაიხედავთ, იქ ამერიკის დროშის ორ ანარეკლს დაინახავთ, ჩემს ზურგს უკან კი – წითელი-თეთრი-ლურჯი შეფერილობის პანელს.

ამ ერისთვის გართობა, სპორტი და დასვენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ნაყოფიერი მუშაობა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ბიუჯეტში მათი წილი საკმაოდ სოლიდური უნდა იყოს.

სიცილი – ეს ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტია.

მირჩევნია, ადამიანები გავართო, გავაცინო, მათ სიამოვნება მივანიჭო და თვითგამოხატვაზე არ ვინერვიულო.

ვცდილობ, ცხოვრებას დადებითი კუთხით შევხედო, მაგრამ საკმარისად რეალისტი ვარ იმის მისახვედრად, რომ ცხოვრება ფრიად რთული რამეა.

ბედნიერება – ეს სულის მდგომარეობაა. შენ შეგიძლია იყო ბედნიერი და შეგიძლია იყო უბედური – ყველაფერი შენს აღქმაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ბედნიერება – ეს კმაყოფილებაა, თუმცა, აქ სიმდიდრეზე არ ვსაუბრობ. ჩვენ ყველა ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ასე რომ, ვიღაც, ვინც რუტინულ სამუშაოს ასრულებს, შეიძლება სულაც არაა ბედნიერი. ჩემი ძმა ფოსტალიონი იყო და მე მისი ძალიან მშურდა. მას ხომ მთელი რიგი მხიარულება ხვდა წილად: ჰყავდა ტრაილერი, ხშირად დადიოდა სათევზაოდ, არ ანაღვლებდა საგადასახადო ქვითრები, მიწის ნაკვეთი და გაფართოება. ის ბედნიერი გახლდათ. ყოველთვის ვიძახდი, რომ ის “ჭკვიანი დისნეი” იყო.

ვწუხვარ, რომ ხატვა უკეთესად ვერ შევძელი.

 

წყარო: Esquire

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments