ველური დასავლეთის სამყარო: საჭიროა თუ არა სექსუალური ძალადობის ეკრანზე ჩვენება?

რობოტები მომავლის სამყაროში მხოლოდ სასარგებლო დამხმარეებად არ განიხილებიან. ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა, გამოვიკვლიოთ, თუ რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა. HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი ველური დასავლეთის სამყარო, რომელიც მაიკლ კრიჩტონის 1973 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მოტივებზე შეიქმნა, სწორედ აღნიშნულ თემას ეხმაურება. კრიჩტონის ფილმში მოქმედება ვითარდება ფუტურისტულ გასართობ პარკში, რომელიც რობოტებითაა დასახლებული და მას ადამიანები სტუმრობენ. თუმცა, ფილმისგან განსხვავებით, სერიალის პროდიუსერებმა ჯონათან ნოლანმა და ლიზა ჯოიმ გადაწყვიტეს, რომ მაყურებელი მოვლენებს არა სტუმრების, არამედ ე.წ “მასპინძლების” (რობოტების) ხედვის წერტილიდან დააკვირდეს.

როგორც ჯონათან ნოლანმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, სერიალის მთავარი მიზანი “ადამიანური ბუნების შეცნობაა”. კვლევის პროცესში კი, ფაქტობრივად, გარდაუვალია, ძალადობის და მათ შორის – სექსუალური ძალადობის ელემენტები არ ფიგურირებდეს.

სერიალში ძალადობის სცენების სიმრავლესთან დაკავშირებით კრიტიკოსებმა ბევრჯერ დაუსვეს კითხვები კეისი ბლოის, HBO-ს პროგრამირების პრეზიდენტს. შეკითხვებს კრიტიკის ელფერი ჰქონდა და ძირითადად იმ საკითხს შეეხებოდა, თუ რატომ ფიგურირებდა ძალადობის სცენებში უმეტესწილად მხოლოდ ქალების მიმართ სექსუალური ძალადობა. თუმცა, კეისი ბლოიმ მოხერხებულად აარიდა თავი შეკითხვებს და საკმაოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლა:

ნუ გვავიწყდება, რომ ველური დასავლეთის სამყაროში ჩვენ ვაჩვენებთ, როგორც ექცევიან ადამიანები რობოტებს, რომლებიც მათ ძალიან ჰგვანან… – აღნიშნა ბლოიმ, – ხოლო მოსაზრება, რომ ფილმის გმირები არა მხოლოდ რობოტებს, არამედ ადამიანებსაც ასე მოექცევიან, დავის საგანია. მინდა, შეგახსენოთ, რომ სერიალში რობოტებსა და ადამიანებს შორის ძალადობაა ნაჩვენები, განსხვავებით, მაგალითად, სამეფო კარის თამაშებისგან, სადაც ადამიანი ადამიანზე ძალადობს.

სერიალის მთავარ იდეაზე სასაუბროდ უფრო მომზადებული გახლდათ მთავარი პროდიუსერი – ლიზა ჯოი, რომელიც არ გაურბოდა ძალადობის სცენების შესახებ საუბარს და პირდაპირ ამბობდა, რომ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სცენების ჩართვა – სწორედ ამ დოზით და ამ სახით, სერიალისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. სერიალი ადამიანის ბუნების შეცნობას ემსახურება, ადამიანურ ბუნებაში კი სექსუალური ძალადობა ყოველთვის იყო და არის…

ლიზა ჯოი ცდილობდა, აეხსნა, რომ სერიალში მოვლენები გასართობ პარკში ვითარდება, ამ პარკის დანიშნულება კი ადამიანის ყველაზე ბნელი სურვილების ასრულებაცაა. შესაბამისად, არ გამოვიდოდა ისე, რომ სერიალი ძალადობის ელემენტებისგან სრულიად დაცლილი ყოფილიყო. შემოქმედებითი ჯგუფი თავიდანვე ძალიან ფრთხილად მიუდგა გაუპატიურების სცენების ჩართვას, რადგან იყო რისკი, რომ ამ სცენებს გარკვეული სახის გაფეტიშება მოჰყოლოდა.

სერიალის პროდიუსერებისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ სექსუალური ძალადობის ამ ფორმით ჩვენება, აუცილებლობასთან ერთად, საკმაოდ საპასუხისმგებლოც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ველური დასავლეთის სამყაროს პრემიერის შემდეგ არც ისე ცოტა დრო გავიდა, ეს საკითხი დღემდე განხილვის საგანია.

 

წყარო: www.indiewire.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

 

Comments

comments