ვენეციის 74-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები

Director Guillermo Del Toro holds the Golden Lion award for the best movie "The shape of water" during the awards ceremony at the 74th Venice Film Festival in Venice, Italy September 9, 2017. REUTERS/Alessandro Bianchi

 

ენეციის კინოფესტივალზე ორი მნიშვნელოვანი საკონკურსო სექცია არსებობს: ოფიციალური შესარჩევი და ჰორიზონტის (Orizzonti). ორივეს დამოუკიდებელი ჟიურის წევრები და ჟიურის პრეზიდენტი ჰყავს და ორივე სექციაშია ნომინაციები – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი მსახიობი და ა.შ.  ყველასათვის ცნობილი ოქროს ლომის პრიზი პირველ მათგანში გაიცემა, ხოლო მეორე სექციაში გამარჯვებულებს მედლებს გადასცემენ.

ჰორიზონტში მონაწილე ფილმები ხასიათდებიან უფრო ფართო ხედვით, ახალი ტენდენციებითა და უახლესი გამომხატველობითი ენით, სადაც ფორმატი შეუზღუდავია. ორივე სექციაში დაჯილდოება ფესტივალის ბოლო დღეს იმართება, წინა დღეს კი ჯილდოვდება სხვადასხვა, დამოუკიდებელი ჟიურით დაკომპლექტებული ნომინაციები, რომლებიც ვენეციის ფესტივალზე მრავლად არსებობს. ესენია კრიტიკის ასოციაციები, კლუბები თუ კინოს პროფესიული ასოციაციები. 

ერთ-ერთი ასეთი განხრაა კრიტიკოსების კვირის სექცია, სადაც 8 სექტემბერს, SIAE Audience-ს ჯილდო გადაეცა არგენტინელ ნატალია გარაგილოას ფილმისთვის – Hunting Season. კრიტიკოსების კვირა უკვე 32-ედ იმართება და ჟიური ყურადღებას მხოლოდ დებიუტანტი რეჟისორების ფილმებზე ამახვილებს. წელს ამ სექციაში 7 ფილმი იყო წარდგენილი, რომელთაგან ხუთი ქალ რეჟისორებს ეკუთვნოდათ. Verona Film Club-ის ჯილდო გადაეცა დანიელ ანიკა ბერგს ფილმისთვის – Team Hurricane, ხოლო Hotel Saturnia-ს ჯილდო საუკეთესო ტექნიკური კონტრიბუციისთვის გადაეცა ფრანგ ბერტრანდ მანდიცოს ფილმისთვის – Les Garcons Sauvages. 

1-ელ სექტებერს საპატიო ოქროს ლომი კინოში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ რობერტ რედფორდსა და ჯეინ ფონდას. ფესტივალზე მათი ახალი ერთობლივი ნამუშევრის – Our Souls At Night პრემიერაც შედგა. ის შეუდარებელია სექსის სცენებში, –  განაცხადა პრემიერაზე 79 წლის ფონდამ, – და ასევე საუცხოოა კოცნისას. სასაცილოა, რომ 29 წლის ასაკში მას ვკოცნიდი და თითქმის 80 წლის კვლავ მას ვკოცნი. ხოლო 81 წლის რედფორდმა თქვა: მე და ჯეინს დიდი ისტორია გვაქვს კინოში და მსურდა, კიდევ ერთი შანსი გვქონოდა, რადგან უკვე ვბერდებით.

ახლა კი გადავინაცვლოთ მთავარ სცენაზე, სადაც დღის ტრიუმფატორი მექსიკელი გილერმო დელ ტორო აღმოჩნდა. სწროედ მისი ფილმი – The Shape Of Water დასახელდა საუკეთესო ფილმად და გადაეცა ოქროს ლომი. ფილმი ფესტივალზე იმდენად დადებითად შეაფასეს კინოკრიტიკოსებმა და პრესამ, რომ როდესაც მისი სახელი გამოაცხადეს, პრესის ოთახში მხიარული ოვაციები გაისმა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოქროს ლომი მექსიკელმა რეჟისორმა მიიღო. ჯილდოს მიღებისას დელ ტორომ განაცხადა: 52 წლის ვარ, 136 კილოს ვიწონი და 10 ფილმი მაქვს გადაღებული. ყველა მთხრობელის ცხოვრებაში დგება მომენტი, – მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკში, რომ უნდა გარისკო, წახვიდე და რაიმე განსხვავებული გააკეთო… როგორც ჩანს, დელ ტოროს ახალ ფილმზე მთელი საკონკურსო სეზონის განმავლობაში მოგვიწევს საუბარი.

საუკეთესო სცენარისთვის პრიზი გადაეცა მარტინ მაკდონაჰს ფილმისთვის – Three Billboards Outside Ebbing Missouri. საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა შარლოტა რემპლინგი, Hannah-ში შესრულებული როლისთვის, ხოლო მამაკაცებში პრიზი გადაეცა კამელ ელ ბაშას ფილმისთვის – The Insult. ჟიურის გრანპრი გადაეცა სამუელ მაოზს (Foxtrot), ხოლო საუკეთესო რეჟისორად – ქსავიე ლეგრანი (Jusqu’à La Garde) დასახელდა.

ჰორიზონტის სექციაში ირანელი რეჟისორის, ვაჰიდ ჯალილვანდის ფილმმა – No Date, No Sign ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო მამაკაცი მსახიობი (ნავიდ მოჰამაძადეჰი). საუკეთესო ფილმად კი იტალიელი სუზანა ნიჩიარელისNico, 1988 დასახელდა.

ვენეციის 74-ე კინოფესტივალი იაპონელი რეჟისორის, ტაკეში კიტანოს ფილმმა – Outrage Coda დახურა.

 

წყარო: www.labiennale.org

მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა

Comments

comments