ვეს ანდერსონი ახალი ფილმის, “ძაღლების კუნძულის” შესახებ

წინა ფილმებზე მუშაობის დროს თქვენ გავლენებზე საუბრობდით. ამ კუთხით რას იტყვით ახალ ფილმზე?

2009 წელს ანიმაციური ფილმი – შეუდარებელი მისტერ ფოქსი გავაკეთე. მას შემდეგ კიდევ მსურდა ანიმაციის შექმნა. მქონდა იდეა, რომ ძაღლები ერთად შემეკრიბა ნაგავსაყრელზე. საკმაოდ მშრალი იდეაა, რომელმაც ფრთები უნდა შეისხას. ამის შესახებ ვესაუბრე ჯეისონ შვარცმანსა (Jason Schwartzman) და რომან კოპოლას (Roman Coppola). გვინდოდა, სიუჟეტი იაპონიაში განვითარებულიყო ან რაიმე სახის კავშირი ჰქონოდა ამ ქვეყანასთან. ჩვენთვის მთავარი იყო, გვეჩვენებინა, თუ როგორ გვიყვარს იაპონური კინო და კულტურა, და სიახლე შეგვეტანა ამ სივრცეში.

იცოდით თუ არა, როგორ გამოიყურებიან ძაღლები ნაგვით დაფარულ კუნძულზე?

შექმნის პროცესში ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მიყვარდა ბავშვობაში. ჩემი საყვარელი გმირი გახლდათ უხასიათო ოსკარი სეზამის ქუჩიდან (Sesame Street). ასევე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ამერიკული სატელევიზიო შოუ იყო მსუქანი ალბერტი (Fat Albert), სადაც გმირებს კლუბი ნაგავსაყრელზე ჰქონდათ მოწყობილი. ყოველთვის მომწონდა სიუჟეტები, რომლებიც ნაგავსაყრელზე ვითარდებოდა. მგონია, რომ შთაგონება აქედან მოდის, თუმცა, დანამდვილებით თქმა არ შემიძლია.

ფილმზე მუშაობისას კუნიჩი ნომურა (Kunichi Nomura) გეხმარებოდათ. ის არ არის თქვენი ტრადიციული გუნდის წევრი. როგორ მოხდა მისი ამ პროექტში ჩართვა?

კუნიჩი ჩემი და რომანის დიდი ხნის მეგობარია. როგორც კი სცენარზე დავიწყეთ მუშაობა, მას მაშინვე მივწერე: კუნ, შეიძლება შენი დახმარება დამჭირდეს. თავიდან პროექტზე არც კი მომიყოლია. მე, ჯეისონი და რომანი ვმუშაობდით. მერე უფრო და უფრო მეტ რაღაცას ვეკითხებოდი და საბოლოოდ, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა. ის დაგვეხმარა არა მარტო ამბის შექმნაში, არამედ ყველა იაპონურ დეტალში. ის ხელმძღვანელობდა სამსახიობო გუნდის შექმნასაც, რადგან ფილმის დიდი ნაწილი იაპონურადაა და შესაბამისად, იაპონელი მსახიობები გვჭირდებოდა. მისი წყალობით, საჭირო მსახიობები როლებზე ადვილად დავითანხმეთ…

გამოდის, რომ ბოლომდე ენდობოდით… თქვენ თუ იცით იაპონური?

არა, არ ვიცი. არ შემიძლია იაპონურად საუბარი, შესაბამისად, ეს საქმე თავიდან ბოლომდე კუნიჩის ჰქონდა ჩაბარებული. კიდევ გვყავდა რამდენიმე დამხმარე, რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა. კუნიჩი კი უშუალოდ იაპონელ მსახიობებზე გახლდათ ორიენტირებული, მასზე ძალიან ვიყავით დამოკიდებულები.

ენის სიყვარული თქვენს ყველა ფილმში ჩანს, მათ შორის ახალ ფილმშიც… 

ფილმი არ არის მხოლოდ ინგლისურად ან იაპონურად. მისი თარგმნა სიგიჟეა. მე მიყვარს, როდესაც ორივე ენა ცოცხალია. რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში ინგლისური თარგმანი ჩანაცვლდება ფრანგულით, იტალიურით და ა.შ. იაპონური კი აუცილებლად დარჩება და ვფიქრობ, ეს კარგი გადაწყვეტილება იქნება. ფილმის შექმნის პროცესიც ხომ კვლევასავით არის, – უნდა აჩვენო ის, რაც ნახე, რაც საინტერესოდ მიგაჩნია. ამ დროს შენ თვითონაც იცვლები, რადგან ახალ გამოცდილებას იძენ. მე მინდოდა, შემექმნა ენა, ისე, რომ ეს დაბრკოლება არ ყოფილიყო. მაყურებელს შეუძლია, თვალი მიადევნოს სუბტიტრებს. ჩვენი სურვილია, იაპონური ენა ჟღერდეს მთელი ფილმის განმავლობაში. არ არის აუცილებელი, თითოეული სიტყვა გესმოდეს. მთავარია, ზუსტად მიხვდე, რა დროს რა მოქმედება ხდება.

როდესაც მონახაზის დონეზე იცით, რა უნდა ქნათ გადასაღებ მოედანზე, გაქვთ თუ არა რაიმე რიტუალი, რომლის გარეშეც კინოს არ იღებთ?

ზოგჯერ პროექტის იდეა წლების განმავლობაში მიტრიალებს თავში. ეს შეიძლება ხუთი ან ათი წლის წინანდელი ამბავი იყოს. ბოლო ფილმის მონახაზი რვა წლის წინ ჩავიწერე და მას შემდეგ ვფიქრობდი. რაიმე კონკრეტული რიტუალი არ მაქვს, მაგრამ ფილმის შექმნას, სხვებთან შედარებით, გაცილებით დიდ დროს ვანდომებ. ასევე, ფილმის შექმნაში დიდი წვლილი შეაქვთ იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ.

ფილმის შექმნის პროცესში რომელი ნაწილია თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

ყოველთვის სხვადასხვა ნაწილი მომწონს. ეს უფრო პროექტზეა დამოკიდებული. როგორც კი რაღაც ნაწილს ვამთავრებ, მომდევნოზე ვფიქრობ და ეს ჩემი ჩვეული მეთოდია.

უბრუნდებით თუ არა უკვე შესრულებულ სამუშაოს?

უმეტესად – არა. ხანდახან ვფიქრობ, გავიმეორო იგივე, თუ განსხვავებული გზით ვიარო? ამას, ძირითადად, მაინც ამბიდან გამომდინარე ვწყვეტ. ჩემთვის მთავარია, რომ მოთხრობილი ამბავი ძლიერი იყოს, სხვადასხვა ისტორიას შორის კავშირი იგრძნობოდეს.

კინო ემოციური მედიუმია. უთმობთ თუ არა სპეციალურ დროს ემოციების შექმნას, თუ ეს პარალელური პროცესია?

ყოველთვის, როცა ფილმსა თუ ამბავზე მუშაობ, მას ავითარებ. ჩემი დამოკიდებულება ასეთია: ამ წუთისთვის გვაქვს ეს და როგორ შეგვიძლია, გავხადოთ უკეთესი? ზოგჯერ უფრო საშიში უნდა გახდეს, ზოგჯერ – უფრო სასაცილო… ასევე – როგორ შევქმნათ სცენები, რომელიც მაყურებელში ძლიერ ემოციებს აღძრავს? მასალის შექმნის პროცესში ეს კითხვები ყოველთვის არსებობს.

 

წყარო: www.lwlies.com

მოამზადა გიორგი კარანაძემ

Comments

comments