ყველაფერი, რაც გჭირდება – ეს სწორად შერჩეული მუსიკაა

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

ედგარ რაითის ფილმებში იუმორი მძაფრსიუჟეტიან სცენებს ყოველთვის დახვეწილად და გემოვნებით ერწყმოდა. მუსიკას კი მთავარი როლი მიენიჭა ფილმში – სკოტ პილიგრიმი მსოფლიოს წინააღმდეგ. სწორედ ამ გამოცდილების შედეგად, რაითმა შექმნა მისთვის დამახასიათებელი ნამუშევარი – ბეიბი დრაივერი, რომელშიც იუმორი და მუსიკა დინამიკურ სცენებში მთავარ ხაზს წარმოადგენს.

ედგარ რაითის ინსპირაციის წყარო ვოლტერ ჰილის მძღოლი გახდა. მის სახელს მიმატებული ბეიბი კი თითქოს გამგრძელებელს გულისხმობს. თუმცა კავშირი ძველ კინოსთან მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ბეიბი დრაივერი პირდაპირ ეხმაურება ბონი და კლაიდსაც. ეპიზოდებში ხშირად გაიელვებს ხოლმე კადრები ან ფრაზები კარგად ნაცნობი ფილმებიდან. მოკლედ, ბეიბი დრაივერი თანამედროვე სულით შთაბერილ, კლასიკური ფილმების გაგრძელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ფილმი მიუზიკლის ელემენტებსაც შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ამას არა მსახიობების შესრულება, არამედ ცნობილი ჰიტების გაჟღერება განაპირობებს და მიუხედავად იმისა, რომ ქორეოგრაფიული ნომრები არაა, პირველი სცენა გარკვეულწილად მაინც ტოვებს მუსიკალური დადგმის შთაბეჭდილებას. აქ კი აუცილებლად გვახსენდება ლა ლა ლენდი. თუ ლა ლა ლენდში another day of sun_ის ფონზე, მანქანიდან გადმოსული კალიფორნიელები საცეკვაო ნომერს წარმოგვიდგენენ, ბეიბი დრაივერის შემთხვევაში, Bellbottoms_ის ფონზე, ქორეოგრაფიულ ნომერს დგამენ მანქანები. ფილმი ამ განწყობას მომდევნო სცენაშიც ინარჩუნებს, როდესაც ყავის საყიდლად გამოსული, ბეიბის როლის შემსრულებელი ანსელ ელგორტი პიტერ პარკერივით “მაგარი ბიჭის” მოძრაობებით მისეირნობს ქუჩაში. ლა ლა ლენდის საცობის მსგავსად, ეს სცენაც უწყვეტი კადრით არის გადაღებული და აქვე ხდება მომავალი წყვილის პირველი წამიერი გადაკვეთაც.

ბეიბისთვის მუსიკა ყველაფერია, რადგან მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტში მხოლოდ მუსიკა არსებობდა. სწორედ ამიტომ, ბეიბის თითოეულ მოქმედებას, დღეს, ხასიათს, განწყობას, შეგრძნებას თუ სხვა რაიმეს, თავისი საუნდტრეკი აქვს. ის არჩევს სიმღერას, იკეთებს ყურსასმენს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოქმედებას. ეს შეიძლება მენტალურ პრობლემადაც მოგვეჩვენოს, თუმცა ბეიბის მსგავსად ხანდახან მაინც ყოველი ჩვენგანი იქცევა: სიტუაციებს, მომენტებს ხომ მართლა თავისი საუნდტრეკები აქვს.

ბეიბი გარშემომყოფთა საუბრებსაც იწერს, შემდეგ ბითს აძლევს და მუსიკას ქმნის. მუსიკას იწერს კასეტაზე, არქმევს სახელს და არქივში ინახავს. სროლის ხმაც კი – ერთ-ერთ მძაფრსიუჟეტიან სცენაში, ჰარმონიულია და მელოდიას წარმოქმნის.

ედგარ რაითმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ სურდა, უბრალოდ გადაეღო ფილმი მანქანებზე და მუსიკაზე. შესაძლოა, თავდაპირველი ჩანაფიქრი მხოლოდ ეს იყო, მაგრამ მერე გაჩნდა ბონი და კლაიდის თანამედროვე ისტორია, ძველი ფილმები და ჰიტები, Route 66 და კიდევ ბევრი სხვა რამ. საბოლოო ჯამში კი, მივიღეთ დამწყები და შემდგარი ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებული, კრიტიკოსებისგან დადებითად შეფასებული და სავარაუდოდ – ედგარ რაითის კარიერაში საუკეთესო ფილმი.

 

Comments

comments