
მეცნიერები და ექსპერტები, რომლებიც უცხო ცივილიზაციებს იკვლევენ, პასუხობენ კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურია ის, რაც სიცოცხლეში, ჩამოსვლაში, ინტერსტელარსა და სხვა ფილმებში ხდება.
იქნებიან უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები ისეთივე აგრესიულები, როგორც ეს ფილმებიდან ჩანს? რამდენად შესაძლებელია, რომ ისინი ჩვენზე განვითარებულები იყვნენ? შესაძლებელია თუ არა, რეალურად ვნახოთ მწვანე ადამიანი სხვა გალაქტიკიდან? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად მეცნიერებსა და ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებს მივმართეთ.
ცივილიზაციის განვითარების ეტაპები კინოსა და რეალობაში

ფანტასტიკურ ფილმებში – სამყაროთა ომები, ჩამოსვლა, დამოუკიდებლობის დღე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები უფრო განვითარებულები არიან, ვიდრე დედამიწელები. თუმცა, რეალური ფაქტი, რომ სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები ჩვენზე გაცილებით განვითარებულები არიან, არ არსებობს. არ არსებობს ფაქტი მათი არსებობის შესახებაც. უცხო ცივილიზაციების არსებობა დაფუძნებულია თეორიაზე, რომლის მიხედვითაც, მზის სისტემა ერთი ჩვეულებრივი სისტემაა და მისი მსგავსი გალაქტიკაში მილიარდობით არსებობს.
იმავე თეორიიდან გამომდინარე, შეუძლებელია მხოლოდ ჩვენი ცივილიზაცია იყოს განვითარებული. უნდა არსებობდეს ჩვენზე წინ და უკან მყოფნიც. ცივილიზაციები ვარსკვლავების ირგვლივ პლანეტაზე ევოლუციის შედეგად ყალიბდება და ვინაიდან ვარსკვლავები მუდმივად იბადებიან და კვდებიან, არ არსებობს კონკრეტული ასაკი. შესაბამისად, ძნელია, კონკრეტული ცივილიზაციის განვითარების ეტაპზე იმსჯელო.
ასტრონომიული მონაცემების მიხედვით, პლანეტების სისტემა რამდენიმე მილიარდ წელს ითვლის. საერთო ევოლუციის განვითარების ტემპების სიჩქარით სავარაუდოა, რომ არსებობს ცივილიზაცია, რომელიც რამდენიმე მილიარდი წლით გვისწრებს, მაგრამ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ეტაპზე არიან ახლა ისინი. ასევე, შეუძლებელია ჩვენი მსგავსი ცივილიზაციები სხვა პლანეტიდან მოვიდნენ და აგრესიული შემოტევა დაიწყონ. ასე რომ, მწერალი ფანტასტები თავიანთ წიგნებში სხვა ცივილიზაციებსა და გალაქტიკებს მოიხმობენ.
რა ხდება კინოში

უცხოპლანეტელები ჩვენთან მოდიან ადამიანური და დედამიწის რესურსებისთვის. დამოუკიდებლობის დღეში ისინი დედამიწის რესურსებისთვის ჩამოდიან, რათა თავიანთი ხომალდი გამართონ. იგივე პრინციპია გამოყენებული ფილმებში კოვბოები უცხოპლანეტელების წინააღმდეგ და ბრძოლა ლოს-ანჯელესისთვის. ობლივიონის შემთხვევაში კი ჩვენგან მხოლოდ წყლის რესურსები უნდათ.
რა ხდება რეალურად

ეს მხოლოდ ჩვენი მოთხოვნილებების პროექციაა. ყველა ქვეყანა ცდილობს, მეზობლის ბუნებრივი და მინერალური რესურსები, სასმელი წყალი მიითვისოს. ადამიანები ადვილად ხვდებიან ამ მოთხოვნილებებს, როდესაც მეზობელს რაღაც აქვს, თავად კი – არა. თუმცა, სინამდვილეში ორგანიზმს, რომელიც სხვა ბიოსფეროდან მოდის, მსგავსი მოთხოვნილებები არ გააჩნია. მათთვის ეს რესურსები გამოუსადეგარია.
წყალი არის გამონაკლისი, როგორც უნივერსალური და უმეტესი ბიოლოგიური ორგანიზმისთვის აუცილებელი. მეორეს მხრივ, ჩვენი პლანეტიდან წყლის რესურსების ამოქაჩვა იმაზე ძვირია, ვიდრე მისი ხელოვნური სინთეზი. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც დედამიწიდან არცთუ ისე შორს არიან (დაახლოებით 400 ათას კილომეტზე), წყლის რესურსების მიწოდება და უზრუნველყოფა ძვირი ჯდება, ერთი ლიტრი წყალი საშუალოდ – 25 ათასი დოლარი. წყლის სხვა ვარსკვლავზე წაღება კი ისეთ ენერგიასა და ფულად რესურსს მოითხოვს, რომ არცერთ უცხოპლანეტელს მსგავსი რამ თავში აზრად არ მოუვა.
უცხო ორგანიზმების ფორმები კინოსა და რეალობაში

სხვადასხვა ფილმში მათ განსხვავებული ფორმა აქვთ. მაგალითად, ჩამოსვლაში ისინი ანტროპომორფები არიან. სერიალებში ფარგლებს მიღმა და ვიზიტორები სხვა პლანეტის მოსახლეები ადამიანებისგან არ განსხვავდებიან. ხოლო ფილმში დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა უცხოპლანეტელის როლს არც მეტი, არც ნაკლები – კიანუ რივზი თამაშობს.
რაც შეეხება რეალობას, თუ სხეულის ფორმებზე ვსაუბრობთ, არსებობს რამდენიმე ვერსია… კიდურებისა და თავის განლაგება – ეს შემთხვევითობა არ არის. ჩვენი სხეულის ფუნქცია ოპტიმიზირებულია გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად. უხეშად რომ ვთქვათ, პროგრამა მინიმუმს ასრულებს. როგორც უნდა განვითარდეს ევოლუცია, ის პროგრამა მინიმუმს მაინც ყოველთვის შეასრულებს. ზოგადად, დედამიწაზე არსებულ ფორმებს თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ ისინი ფუნქციონალურად დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არსებობს მინიმალური გამონაკლისი, რომელიც სულ სხვა მიმართულებით განვითარდა.
სიკვდილი კინოსა და რეალობაში

ფილმში სამყაროთა ომები უცხოპლანეტელები კვდებიან იმიტომ, რომ დედამიწაზე არსებულ ბაქტერიებთან აქვთ კონტაქტი. თუ დედამიწასა და მზის სისტემის სხვა პლანეტებზე სიცოცხლეს ერთნაირი წარმოშობა აქვს, ეს ნამდვილად შესაძლებელია. სიცოცხლე შეიძლება ერთი პლანეტიდან მეორეზე გადადიოდეს. აქედან გამომდინარეობს, რომ სხვა პლანეტის ვირუსი მზად არის ჩვენს სხეულში შემოსაღწევად. ამავე მიზეზით, პირველი ამერიკელი ასტრონავტები, რომლებიც მთვარიდან დაბრუნდნენ, სამი კვირის განმავლობაში სპეციალურ კარანტინში იყვნენ, სანამ მეცნიერები არ დარწმუნდნენ, რომ მათ იქიდან რაიმე განსხვავებული ვირუსი არ ჩამოიტანეს.
უცხო ცივილიზაციების შემოჭრა კინოსა და რეალობაში

ფილმებში სამყაროთა ომები, დამოუკიდებლობის დღე, ბრძოლა ლოს-ანჯელესისთვის უცხოპლანეტელები აგრესორები არიან და ეს დამაბნეველი საკითხია, ვინაიდან არსებობს არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლის ის ფორმა, რომელიც აგრესორია, განვითარების ასეთ ეტაპს ვერ აღწევს. ის საკუთარ თავს გაანადგურებს. ამავდროულად კი, ჩვენ არ ვიცით, როგორ მუშაობს განსხვავებული ცივილიზაციის მოდელი. შეიძლება მსგავსი ტიპის აგრესია მოსალოდნელიც იყოს, თუმცა მას არ ექნება ისეთი პრიმიტიული სახე, როგორც ეს ფილმებშია ნაჩვენები (რომ უცხოპლანეტელები ბოროტები არიან და ჩვენი დაპყრობა უნდათ). აგრესია შეიძლება მიმართული იყოს ინფორმაციის მიმოცვლის და რესურსების გამოყენებისკენ, როდესაც ერთი მხარე მეორის ინფორმაციული მარაგის ათვისებას ცდილობს. თუმცა, ამის ალბათობაც კი ძალიან მცირეა.
ხომალდები და მომავალი კინოსა და რეალობაში

ფილმებში უცხოპლანეტელების ხომალდები გამოსახულია, როგორც მფრინავი თეფშები ან კაფსულები. სწორედ მათი დახმარებით ხდება დროსა და სივრცეში გადაადგილება. მაგრამ თუ ვსაუბრობთ სამგანზომილებიან შრეში მოგზაურობაზე, ეს უნდა იყოს ხომალდი, სადაც რამდენიმე თაობა იცხოვრებს. დაახლოებით ხელოვნური პლანეტის მსგავსი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ცოტა ინფორმაცია გვაქვს, თუ როგორ მუშაობს მსგავსი კანონები. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ადამიანის წინ აღმოჩნდეს ის პერსპექტივები, რომელზეც ახლა ვერ ვფიქრობთ.
ამჟამად ვსაუბრობთ ორ მიმართულებაზე. შეიძლება ეს იყოს უპილოტო ზონდი, რომელიც მოგზაურობს, მისი გაჩერება ადვილია. ასეთი ტიპის სერიოზული პროექტები უკვე არსებობს. ასობით მილიონი დოლარი ჩაიდო ამ პროექტში, რომ მიკროზონდები დიდ მანძილზე გაუშვან. ეს ძნელი და ძვირიანი ვარიანტია, თუმცა არა წარმოუდგენელი. ადამიანების ჯგუფის გაფრენა 100 მილიონზე მეტი ჯდება. მსგავსი პროექტის განხორცილება ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნისთვის ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს. ზონდები კი 25-30 წლის შემდეგ რეალობა იქნება.
დროში მოგზაურობა კინოსა და რეალობაში

ინტერსტელარში კაცობრიობა სიგნალს იღებს საკუთარი განვითარებული მომავლიდან.
ასეთ პრიმიტიულ ფორმებში ეს წარმოუდგენელია. აქ უამრავი წინააღმდეგობა არსებობს. იქმნება ე.წ. ჩაკეტილი დროის პარადოქსი. უბრალო მეთოდებით ამის განხორციელება შეუძლებელია. დავუშვათ, თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაშინ იმ აწმყო დროში დაბრუნება, საიდანაც მოგზაურობა დავიწყეთ, შეუძლებელია. ჩვენ პარალელურ აწმყოში აღმოვჩნდებით. ეს თეორია ემყარება მულტისამყაროების ვერსიას. არსებობს ასეთი ცნობილი ფიზიკოსი დევიდ დოიჩი, რომლის წიგნებიც აღნიშნულ თემას ეძღვნება. ის ამბობს, რომ ღრმა წარსულიდან ჩვენ არ შეგვიძლია, გავლენა ვიქონიოთ საკუთარ თავზე, შეგვიძლია – მხოლოდ პარალელურ სამყაროში არსებულ მოვლენებზე. თუმცა ამის შესახებ არაფერი გვეცოდინება.
წარსულში მოგზაურობა კი სულ სხვა საკითხია. ადრე მიჩნეული იყო, რომ ფიზიკის ფუნდამენტური კანონების მიხედვით, ეს შეუძლებელია. თუმცა, ბოლო პერიოდში ეს საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არსებობს მათემატიკური განმარტება, რომლის მიხედვითაც, წარსულში მოგზაურობა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ არავინ იცის ამის პრაქტიკაში განხორციელების გზები.
წყარო: www.kinopoisk.ru
მოამზადა გიორგი კარანაძემ