“ბეჭდების მბრძანებლის” კინოდ ქცევის ისტორიების პირველ ნაწილში ჩვენ გესაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა უზარმაზარი ჯგუფი ამ მართლაც გრანდიოზულ პროექტზე სამუშაოდ, რა ძალისხმევა და ადამიანური რესურსი ჩაერთო ეპიკური ფენტეზის გადაღებებში და როგორ მიმდინარეობდა გადაღების პროცესი.
მაგრამ კადრსმიღმა ფაქტები მილენიუმის პროექტის შესახებ, ცხადია, ამოუწურავია; სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის გადასაღები მოედნიდან შეგროვებული ისტორიების მეორე ნაწილს და კვლავ ვეცდებით, უფრო ახლოდან გიჩვენოთ ჩვენთვის უძვირფასესი, საყვარელი და ზღაპრული სამყაროს ეკრანზე გადმოტანასთან დაკავშირებული პროცესი.
კვლავ გადაღებების შესახებ…
- გენდალფს, გიმლისა და თითოეულ ჰობიტს სამ-სამი მსახიობი განასახიერებდა: ერთი – მთავარი მსახიობი იყო, დანარჩენი ორი კი მასზე ტანმაღალი და ტანდაბალი დუბლიორები და კასკადიორები. ცალკეულ სცენებში მათ მანეკენებითაც კი ანაცვლებდნენ. გარდა ამისა, დამზადებული ჰქონდათ ფილმის ყველა დეკორაციისა და რეკვიზიტის სხვადასხვა ზომის ასლებიც. ზოგჯერ მსახიობებს სპეციალურ ურიკაზე დგომა, ხელოვნური ხელის მტევნებისა და ტერფების გამოყენება უწევდათ – ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ რეჟისორებს კადრში სათანადო პროპორციებისთვის მიეღწიათ. ასეთივე მიდგომით გადაიღეს ტრილოგიის გაგრძელება, შესაბამისად, გნომების დიდი რაოდენობის გამო დუბლიორების რიცხვმა ბევრად მოიმატა.
- მრავალ სცენაში “მასშტაბურ პერსპექტივას” (გადაღების ტექნიკა, როცა ოპტიკური ილუზიის საშუალებით ობიექტის მასშტაბებს რეალურზე დიდად ან პატარად წარმოაჩენენ) იყენებდნენ: იღებდნენ ისეთი წერტილებიდან (მათ შორის, ზემოდან და ქვემოდან), საიდანაც ობიექტი ძალიან დიდად ან პატარად ჩანდა. მაგრამ იმ ეპიზოდებში, რომლებშიც პერსონაჟი უნდა გადაადგილებულიყო, ეფექტის შესანარჩუნებლად კადრში მყოფი ყველა ობიექტის გადაწყობა ხდებოდა საჭირო.
- იმ სცენის გადასაღებად, რომელშიც გოლუმი მდინარეში თევზებზე ნადირობს, ენდი სერკისს ყინულივით ცივ წყალში საკმაოდ დიდხანს მოუხდა “ჭყუმპალაობა”, გადამღებ ჯგუფს კი – მოულოდნელად წამოსული თოვლის გაწმენდა-კადრიდან გაქრობა – სცენის მოქმედება ხომ ზაფხულში მიმდინარეობს.
- ტრილოგიის უკანასკნელი სცენა მაშინ გადაიღეს, როცა მესამე ნაწილის გადაღებები უკვე ერთი თვის დასრულებული იყო. პიტერ ჯექსონს არ დაეზარა დამატებითი გადასაღები მოედნის მოწყობა იმისათვის, რომ ფილმში მკვდრების ხეივანში ასიათასობით თავისქალის ჩამოშვავების სცენა რომ ჩაემატებინა. ამ დროისთვის ხელმწიფის დაბრუნებას უკვე მიღებული ჰქონდა ოსკარი წლის საუკეთესო ფილმისთვის, მაგრამ ჯექსონს ძალიან სურდა ფილმის რეჟისორის ვერსია კიდევ უფრო გაემდიდრებინა.
კოსტიუმების, გრიმისა და რეკვიზიტების შესახებ
- “ჰობიტების” სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყებოდა: გადაღებების დაწყებამდე მსახიობები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ერთ ადგილას უნდა მდგარიყვნენ, სანამ მათ “ფეხებს” დაუმაგრებდნენ. ჯერ ნამდვილ ტერფებზე უსვამდნენ სპეციალურ წებოს, შემდეგ კი ხელოვნურ ტერფებს “აცმევდნენ”; მხოლოდ ამის შემდეგ დგებოდა გრიმის დრო.
- ტერფების თითოეული წყვილი (ისევე როგორც სხვა არსებების სხეულის ხელოვნური ნაწილები) ერთ დღეზე მეტხანს არ გამოიყენებოდა, ამრიგად, სამივე ფილმისთვის დაახლოებით 1800 ჰობიტის ტერფი და 1600 ელფის ყური დაამზადეს ლატექსისგან. მიწებებული რეკვიზიტის მოშორებას ხშირად კანის ნაწილიც ეწირებოდა.
- ზოგიერთ მსახიობს გრიმის უხვი ფენის ქვეშ ვერც იცნობთ. ჯონ რის-დეივისს გრიმის გამო ალერგიაც კი დაეწყო და კანი პირდაპირი მნიშვნელობით სძვრებოდა. ამის გამო მან ჰობიტის ტრილოგიაში თამაშზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით ძალიან ნანობდა თავის გადაწყვეტილებას.
- მაქსიმალურად რეალისტური გარეგნული ეფექტისთვის კოსტიუმებს ხევდნენ და სვრიდნენ, რეკვიზიტებს და იარაღებს ამტვრევდნენ, თავად მსახიობებსაც კი თხუპნიდნენ. დააკვირდით არაგორნს და ფროდოს ფეხებზე: აშკარაა, რომ ისინი მართლა შიშველი ფეხებით მიაბიჯებდნენ მიწაზე. წიგნში, ისევე როგორც ფილმში, სადმე სტუმრად მისული მთავარი გმირები რანგის შესაბამისი რიგით შედიან. ყველა, გარდა ლეგოლასისა, რადგან ის ელფია.
- ფილმში გადაღებული მხედრების უმეტესობა ქალია – მიწებებული წვერით! გადაღებებისთვის საუკეთესო მხედრები შეარჩიეს მიუხედავად მათი სქესისა. მომდევნო, ჰობიტის ტრილოგიაში ეს გამოცდილება მასობრივ სცენებშიც გამოიყენეს და შედეგად ფილმებში მრავლად გვხვდება წვერ-ულვაშიანი და ბაკენბარდებიანი ქალი-გნომები.
- საგნები, ტანსაცმელი, იარაღი, აქსესუარები – ეს ყველაფერი პროფესიონალურად: დაკვირვებითა და ყოველი დეტალის გათვალისწინებით მზადდებოდა. გადამღები ჯგუფის პარალელურად გამალებით მუშაობდნენ იუველირები, მინის მბერავები, დურგლები და სხვა სპეციალობის ოსტატები. მაგალითად, კადრში, რომელშიც ელფები არაგორნის ხმალს ჭედენ, ამ არსებების ფორმაში გადაცმული ნამდვილი მჭედლები მუშაობენ.
- თითქმის ყველა მსახიობი ბუტაფორიულ იარაღს ან იარაღის მსუბუქ ასლს იყენებდა, მაგრამ ვიგო მორტენსენმა დაჟინებით მოითხოვა, მისთვის ნამდვილი ფოლადის ხმალი დაემზადებინათ, რომელსაც მსახიობი წამითაც არ იშორებდა თავიდან.
- მთლიანობაში, ფილმისთვის ასობით უნიკალური დიზაინის ხმალი დამზადდა – თითოეულის გარეგნული მახასიათებლები მისი პატრონის რასის იარაღების შესაბამისი იყო. მოისარებისა და ლეგოლასისთვის კი 10 ათასზე მეტი ისარი დაამზადეს.
- თითოეული ელფის ჯაჭვის პერანგის დასამზადებლად 3 დღე იყო საჭირო: იღებდნენ პლასტიკის წვრილ შლანგებს და რგოლებად ჭრიდნენ (თითოეულ ჯაჭვის პერანგს დაახლოებით ათასი რგოლი ესაჭიროებოდა), შემდეგ ერთმანეთზე აბამდნენ და პერანგს “ქსოვდნენ”. მხოლოდ ელფების კოსტიუმების დამზადებას მთლიანობაში 2 წელი და 12,5 მილიონი ასეთი რგოლი დასჭირდა.
- ფაქტობრივად ყველა მსახიობი პარიკს და შინიონს ატარებდა. მათ დასამზადებლად დიდი რაოდენობის თმა იყო საჭირო, შესაბამისად, შესაბამის ჯგუფს მთელი მსოფლიოდან ყიდულობდა თმას. აი, ლივ ტაილერს კი ნება დართეს, პარიკი არ ეტარებინა, რადგან მისი პერსონაჟის, არვენის წინაპრებში ადამიანებიც ერივნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, სხვა, თავის თანამოძმე ნათელი ფერის თმიანი ელფებისგან განსხვავებით, შეიძლებოდა მუქი ფერის თმაც ჰქონოდა.
- ფილმისთვის კოსტიუმებს ნაილა დიკსონი ქმნიდა. იგი მანამდე სერიალების – ზენა: მეომარი პრინცესა და ჰერკულესის ლეგენდარული მოგზაურობები – კოსტიუმების დიზაინზე მუშაობდა. გადაღებებზე ის ამ სერიალებიდან ნაცნობ არაერთ მსახიობს შეხვდა. მაგალითად, კარლ ურბანს (ეომერი), რომელიც ზემოხსენებულ სერიალებში კუპიდონს და იულიუს ცეზარს თამაშობდა.
- რამდენიმე კვირა ნაილა დიკსონმა მხოლოდ გენდალფის წაწვეტებული შლაპისა და მისი განუყრელი კვერთხის დიზაინზე ფიქრს მოანდომა – სწორედ ეს საგნებია ჯადოქრის მთავარი სახასიათო დეტალები, ბუნებასთან სიახლოვისა და სიცოცხლის სიყვარულის გამოხატულება. გარდა ამისა, სიუჟეტის მიხედვით გენდალფი კვერთხში ასევე განუყრელ და ჯადოსნურ ნივთს – ჩიბუხსაც ინახავს, შესაბამისად, დიზაინერს ეს დეტალიც უნდა გაეთვალისწინებინა.
- ზოგიერთ მსახიობს ნება დართეს, სამახსოვროდ წაეღოთ რეკვიზიტის რაიმე დეტალი. ორლანდო ბლუმს ლეგოლასის მშვილდი ერგო, მირანდა ოტოს – ხმალი და ეოვინის კაბა; დომინიკ მონაგანს ჰობიტის ფეხები, ლივ ტაილერს კი – არვენის შავ-წითელი კაბა.
ფილმში დამალული დეტალები, ამოჭრილი სცენები და რეჟისორის ახირებები
- ფილმში მთავარი ბეჭდის გარდა კიდევ სამი ძალაუფლების ბეჭედი ჩნდება. გალადრიელი მითრილისა და თეთრი ქვისგან დამზადებულ წყლის ბეჭედს (ელფების ენაზე: ნენიას) ატარებს, რათა საკუთარი ხალხი საურონისგან დაიცვას;გენდალფს ელფი კირდანისაგან ცეცხლის ბეჭედი (ელფების ენაზე: ნარია) ერგო – მან ჯადოქარს შუახმელეთის ხსნისა და საურონთან დაპირისპირების სურვილით აუნთო გული; ჰაერის ბეჭედი კი (ელფების კუთვნილი სამი ბეჭდიდან ყველაზე ძლევამოსილი: ვილია) ელრონდს აქვს. მას შემდეგ, რაც ფროდომ მთავარი ბეჭედი გაანადგურა, აღნიშნულმა ბეჭდებმა ჯადოსნური ძალა დაკარგეს.
- ფინალურ ბრძოლაში, სცენარის მიხედვით, არაგორნი ერთი ერთზე უნდა შებრძოლებოდა საურონს. გადაღებული მასალის ნახვის შემდეგ რეჟისორმა დაასკვნა, რომ ეს სცენა ზედმეტი იყო: ტრილოგიის მთავარი არსი გუნდურობას ეფუძნება და საურონზე გამარჯვებაც საერთო მიღწევა უნდა ყოფილიყო. თუმცა ამ ორთაბრძოლის კადრების ნაწილი დატოვეს და საურონი უშველებელი ტროლით ჩაანაცვლეს. ფილმიდან ამოღებული სცენა კი ასე გამოიყურება:
- კიდევ ერთ სცენაში, რომელიც ორი კოშკის რეჟისორის ვრცელ ვერსიაშია შესული, ბორომირისა და მამამისის, ასევე მის ძმა ფარამირის ურთიერთდამოკიდებულების მიზეზებია ახსნილი. მათი საუბრიდან ცხადი ხდება, რომ ბორომირი ბეჭედმა კი არ მოაჯადოვა, არამედ ის მამამისმა დასაჯა და ამიტომ ცდილობდა ასე ბეჭდის დასაკუთრებას.
- პიტერ ჯექსონი თავის ყველა ფილმში ასრულებს ეპიზოდურ როლს. ყველაზე მეტად ცნობილია მისი ეპიზოდი პირველ ნაწილში, ბეჭდების მბრძანებელში, სადაც რეჟისორი ალბერტ დრეარის (რომელიც მადიანად ახრამუნებს სტაფილოს) როლში ჩნდება. ჯექსონი ამ პერსონაჟად ხელახლა მოგვევლინა ახალ ტრილოგიაში – ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი.
- ბეჭდის საძმოში არის სცენა, რომელშიც ჯგუფი ძლიერ თოვლში და ნამქერში მიიკვლევს გზას. გენდალფიც კი ძლივძლივობით ადგამს ნაბიჯებს, რადგან ფეხები სანახევროდ თოვლში ეფლობა; ამ დროს კი ლეგოლასი დაუბრკოლებლად დადის თოვლზე, თანაც უკან ნაკვალევსაც კი არ ტოვებს. ეს პირდაპირი გამოძახილია ტოლკინის ტექსტის იმ ნაწილისა, რომელშიც ავტორი ხაზს უსვამს, რა დაუჯერებლად მსუბუქია ჯადოქარი ელფების ნაბიჯები.

- ბილბოს სახლში კედელზე დედ-მამის – ბუნგო ბეგინსისა და ბელადონა ტუკის პორტრეტები უკიდია. სინამდვილეში მათზე რეჟისორი პიტერ ჯექსონი და სცენარის ფრენ უოლში არიან გამოსახულები.
- ფრენი სხვაგვარადაც მონაწილეობს ფილმში – მისი ხმა შავი მხედრების, იგივე ნაზგულების გამყინავი ხავილისთვის გამოიყენეს. საქმე ის იყო, რომ სცენარისტი ძალიან ავად გახდა, რეჟისორმა კი გადაწყვიტა, მისი ჩახრინწული ხმა ნიმუშად ჩაეწერა და შემდეგ ნაზგულების გასახმოვანებლად გამოეყენებინა. აქვე მათთვის, ვინც არ იცის, დავამატებთ, რომ ფრენი 1987 წლიდან პიტერ ჯექსონის ცოლია.
- იან მაკკელენი კი გენდალფის როლის თამაშისას თავად ტოლკინის საუბარს ბაძავდა. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი მწერლის ხმა არცთუ იოლი მისაბაძი იყო: ტოლკინი ჩიბუხს ეწეოდა და ამის გამო დაბალი და ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა.
- პიტერ ჯექსონი ჩაის უდიდესი მოყვარულია, რამაც პირველ ტრილოგიაზე მუშაობის დაწყებიდან ჰობიტის თავგადასავლის ჩათვლით გადამღებ ჯგუფს გაუთავებელი ხუმრობის საბაბი მისცა. ყველამ იცოდა, რომ რეჟისორი, სადაც უნდა ყოფილიყო – გამოქვაბულში, მთის მწვერვალზე თუ ნებისმიერ ადგილას – არასდროს იშორებდა თავიდან ჩაის ჭიქას. მსახიობებს მითითებებსაც კი ჩაის ჭიქით ხელში აძლევდა, თან ამ დროს იქიდან წვეთსაც არ ღვრიდა. შეიძლება საქმე იმაშია, რომ ახალ ზელანდიაში ყავა მხოლოდ 1980-იან წლებში შევიდა და მთელ ქვეყანაში დღემდე გიჟდებიან ჩაიზე. ბილბო ბეგინსის როლის შემსრულებელმა მარტინ ფრიმენმა შენიშნა, რომ მას, როგორც ჭეშმარიტ ბრიტანელს, რომელსაც ძალიან უყვარს ეს სასმელი, ყოველთვის აოცებდა პიტერ ჯექსონის მიერ შესმული ჩაის რაოდენობა: დღეში საშუალოდ 22 ჭიქა. გარდა ამისა, რეჟისორი ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახალი სახეობის ფოთოლს ცდიდა.
ბეჭდების მბრძანებლის პატივსაცემად გაკეთებული ტატუს ამბავი
- ბეჭდის საძმოს ათიდან რვა წევრმა გადაწყვიტა, ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის პატივსაცემად ტატუ გაეკეთებინათ – ელფური წარწერა “ათი”. ტატუზე უარი განაცხადა მხოლოდ ჯონ რის-დევისმა, თუმცა მისი დუბლიორი სიამოვნებით დათანხმდა ტატუირებას. ამ “აქციას” მოგვიანებით რეჟისორიც შეუერთდა – ელფურ ენაზე დაწერილი “ათი” მან ფილმის ახალზელანდიური პრემიერიდან მალევე ამოისვირინგა.