10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “მძიმე დანაშაული”

ინტერნეტისა და ტელევიზიის ზეობის ეპოქაში სერიალების მხატვრული სტანდარტები თანდათან გაიზარდა და მისი მაყურებელიც ძალიან მომთხოვნი გახდა. ჩვენ გვჭირდება ორიგინალური, განხილვადი, ვარსკვლავური და სახასიათო პერსონაჟებით დახუნძლული უმაღლესი ხარისხის ტელეშოუები, რომლებიც უზღვავი პროდუქციისა და კონკურენციის პირობებში ჩვენს გონებასა და გულებში დიდხანს დარჩენას მოახერხებს. სწორედ ასეთია Breaking Bad ანუ მძიმე დანაშაული: დაუვიწყარი კასტი, სიუჟეტური ხაზი, კინემატოგრაფია და სხვა დანარჩენი, რომელმაც სერიალს კრიმინალური დრამის ჟანრში საუკეთესოს სტატუსი დიდი ხანია მოუპოვა.

ამ უმაღლესი კლასის სერიალისთვის დროის დათმობას არავითარი განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება, რადგან მძიმე დანაშაული უკვე თავად მოვლენაა, მაგრამ თუ ვინმე მაინც ჭოჭმანობს, წარმოგიდგენთ ათ, ჩვენი აზრით, მთავარ უპირატესობას, რომლის გამოც ამ ფენომენალურ, უკვე საკულტოდ ქცეულ სერიალს დღესვე უნდა ჩაუჯდეთ.

1. ქვეტექსტები

როგორც ხელოვნების ყველა ნიმუშში, ამ სერიალშიც ქვეტექსტი სიუჟეტის პარალელურია. მძიმე დანაშაულის ყველა სცენა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე იმას, რასაც ერთი შეხედვით ვხედავთ. თუ ყურადღებით მიჰყვებით სერიებს, თითოეული პერსონაჟის განვითარებასაც მიადევნებთ თვალს და ქვეტექსტებიც უკეთ გასაგები გახდება.

2. სცენარი

ვარსკვლავური სამსახიობო გუნდი და რეჟისურა სერიალის წარმატებისთვის არ კმარა, თუ სცენარი სუსტია. მძიმე დანაშაულს ეს პრობლემა არ აქვს – მისი სცენარი ერთ-ერთი საუკეთესოა ტელეშოუების ისტორიაში. გენიალური და სიტუაციის შესაბამის დიალოგებს, თხრობას აქ სრულყოფილად მივყავართ განვითარებისა და კვანძების გახსნისკენ, რაც საბოლოოდ მაყურებელს განსაკუთრებულ კმაყოფილებას ანიჭებს.

3. იდეა

მძიმე დანაშაულის უმთავრესი კონცეპტი იმდენად ცხადია, რომ პირველივე ეპიზოდიდან კარგად აცნობიერებ, რა ხდება. ქიმიის მასწავლებელი უოლტერ ვაითი, რომელსაც კიბო აღმოაჩნდება, გადაწყვეტს საკუთარი პროფესიული ცოდნა საკუთარი მკურნალობისთვის გამოიყენოს, თანდათან კი ეს ყველაფერი მძიმე დანაშაულში გადაიზრდება და უოლტერ ვაითი ქიმიური ექსპერიმენტების შედეგად ნარკოტიკების წარმოებას დაიწყებს.

4. კრიმინალი

მძიმე დანაშაული ძალადობის ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა მის გარეშე სიუჟეტი წარმოუდგენელია. ნარკობიზნესში არსებული კრიმინალური დაპირისპირებები, სისხლი და დახოცილი პერსონაჟების შთამბეჭდავი რიცხვი შოუს განუყოფელი ნაწილია და თავგადასავალს კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს ანიჭებს.

5. შავი იუმორი

სერიალი არც ისეთი ბნელია, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოს, მასში საკმაო დოზითაა იუმორი. განსაკუთრებით დახვეწილი შავი იუმორი, რომლის ზღვარსაც სცენარი არასდროს სცდება. უოლტერ ვაითი ერთი მხრივ მეოჯახე კაცია და ამავე დროს ცინიკოსი ჰაიზენბერგი. შავი იუმორი ნამდვილად შოუს ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.

6. თემების დაპირისპირება

შოუს დასაწყისიდანვე დაჰყვება კეთილსა და ბოროტს, სწორსა და არასწორს, მორალურსა და იმორალურს შორის მერყეობა. ორივე მთავარი პერსონაჟი – უოლტერ ვაითი და ჯესი პინკმენი – უდანაშაულო ადამიანები არიან, რომლებიც არადანაშაულებრივი მოტივებით ხვდებიან მეტამფეტამინის ბიზნესში. მათთან ერთად გაცნობიერებასაც კი ვერ ასწრებ, ისე ეშვები ბნელით მოცული და სახიფათო ნარკოსამყაროს სიღრმეებში. ეს თემა სერიალს უწყვეტ ხაზად გასდევს და მარადი დილემაა.

7. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები

უსამართლობა იქნებოდა, მთელი ყურადღება სერიალის პროტაგონისტებს რომ დათმობოდა და არ აღგვენიშნა სკაილერ ვაიტი, ანტინარკოტიკული დეპარტამენტის შეფი და უოლტერის ნათესავი, ჰენკ შრედერი ან საულ გუდმენი – უოლტისა და ჯესის ადვოკატი. ეს ქარიზმატული პერსონაჟები და მათი შესანიშნავი შემსრულებლები შოუს სრულყოფილებისთვის მნიშვნელოვანი შტრიხია.

8. კინემატოგრაფია

უმთავრესი, რითაც მძიმე დანაშაული თავისი თანამედროვეებისგან გამოირჩევა, ესაა სრულიად გასაოცარი კინემატოგრაფია. ტელეშოუს შეზღუდული ბიუჯეტისა და დროის ლიმიტის გათვალისწინებით სერიალმა მართლაც დიდებული სანახაობით გაითქვა სახელი. მან დაამსხვრია ყველა სტანდარტი და ფაქტობრივად მოშალა კინოსა და სერიალს შორის ზღვარი კინემატოგრაფიის მხრივ. თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ესმის კინემატოგრაფიისა და ფოტოგრაფიის ფაქიზი ნიუანსები, ამ შოუს აუცილებლად დააფასებთ.

9. აარონ პოლი

აარონ პოლის მიერ შესრულებული ჯესი პინკმენი ისეთი იდეალური პერსონაა, რომელიც ორივე სქესის წარმომადგენლებს აღაფრთოვანებს. უამრავი პრობლემის მქონე და მაინც ძალიან მიმზიდველი პერსონაჟის ბრწყინვალედ განსახიერებისთვის მან ემიც დაიმსახურა. სხვათა შორის, სერიალის შემქმნელი ვინს გილიანი ჯესის პირველივე სეზონში მოკვლას აპირებდა და მსახიობის მიერ წარმატებით გავლილმა სინჯებმა გადააფიქრებინა. ასეა თუ ისე, ფაქტია: აარონ პოლი ჯესი პინკმენისთვისაა დაბადებული.

10. ბრაიან კრენსტონი

და ბოლოს, თვით ჰაიზენბერგი. არც ისე სახელგანთქმული მსახიობის, ბრაიან კრენსტონის ცხოვრება მძიმე დანაშაულის შემდეგ თავდაყირა დადგა, რადგან მის მიერ იდეალურად დახატული უოლტერ ვაითის გაორებული, დრამატული პიროვნება თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ტელესახეა. უოლტერ ვაითი ტელესივრცეს კარგახანია გასცდა და თანამედროვე პოპკულტურაში დაიმკვიდრა ადგილი. აი, კიდევ ერთი უმთავრესი ფაქტორი, რის გამოც უნდა გადადოთ ყველაფერი გვერდით და უოლტერ ვაითის გენიალურ პერსონაჟთან ერთად შეაბიჯოთ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგობრივ, დაუვიწყარ სამყაროში.

Comments

comments