ამჯერად, ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და შუა საუკუნეების იტალიური ლიტერატურის მკვლევარი, ნოდარ ლადარია ისაუბრებს თავის კინო შეხედულებებზე.
რომელ რეჟისორთან ითანამშრომლებდით და რატომ მასთან?
ნადინ ლაბაკის – რომ დავინახე თავისივე ფილმში ნათამაშებ როლში (კაპერნაუმი, 2018), თითქმის შემიყვარდა. მაგრამ მთავარი სხვაა: არაპროფესიონალ მსახიობებთან და ბავშვებთან მუშაობა ძალიან დიდ მოთმინებას მოითხოვს და კიდევ იმას, რომ შენი თავდაპირველი არჩევანის ან მიზნის მონა არ უნდა გახდე. დარწმუნებული ვარ, რეჟისორი ხშირად უკან მიჰყვებოდა პერსონაჟს. ასეთ ადამიანთან ადვილი და ნაყოფიერია თანამშრომლობა, ენერგია არ იხარჯება სხვისი ეგოცენტრიზმის დაძლევაზე. მით უმეტეს, მე ყოველთვის მზად ვარ დავთმო, თუ ვხედავ, რომ კარგ რამეს მთავაზობენ.
წიგნის ეკრანიზაცია, რომელშიც საუკეთესოდ შენარჩუნდა პერსონაჟების სახეები არის…
არ არის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეკრანიზაციები არ უნდა გადაიღონ. პირიქით!.. ეკრანიზაციის მიზანი არის წიგნის „წაკითხვა“. რა უნდა შენარჩუნდეს? – ლიტერატურული „სახეები“ თავისთავად არ არსებობენ, ისინი იბადებიან და ცხოვრობენ მკითხველთან ურთიერთობისას. კარგია კინო, რომელიც ტექსტის მოულოდნელ და საინტერესო წაკითხვას გვთავაზობს, თანაც კინოს ხერხებით: როცა ხილული ავსებს სიტყვით გამოხატულს… და მაინც, საუკეთესო ეკრანიზაციის არჩევა უაზრობად მიმაჩნია… არის კარგი და ცუდი ფილმები, მაგრამ ამას წიგნთან არავითარი კავშირი არა აქვს.
ბავშვობაში ნანახი ფილმებიდან, რომელი დაგამახსოვრდათ ?
ეს იყო ჩემი მშვენიერი ლედი – მიუზიკლი. კინო არ არის მხოლოდ კინო, ეს არის მოვლენა, ბავშვობაში კი შეიძლება ზეიმიც იყოს. მახსოვს, დედაც მახლდა და მამაც. მახსოვს, როგორ მოეწონა ფილმი ორივეს… მახსოვს ინგლისური ენის ხიბლი, მახსოვს მშვენიერი მუსიკა და ტიტრებში ყვავილების ფონი… მახსოვს ოდრი ჰეპბერნი, რომელმაც დიდი ხნით განსაზღვრა ჩემი გემოვნება „ქალების საკითხში“… მახსოვს ფართო ეკრანი და ჰარმონიული ფერები… მახსოვს გრძნობათა სიუხვე… არა აქვს მნიშვნელობა, რა ადგილი უჭირავს ფილმს IMdB-ში… მთავარია, რა ადგილს დაიჭერს ის ბიოგრაფიაში.
რომელი რომანის ან სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას გადაიღებდით?
ქართულ გარემოში გადმოვიტანდი სოლ ბელოუს რომანს ჰერცოგი... მივყვებოდი სიუჟეტს, მაგრამ ყოველი ცალკეული მოვლენა შეიცვლებოდა საქართველოსათვის უფრო ადეკვატური სხვა მოვლენით. სცენარი ძალიან განსხვავებული გამოვიდოდა.
მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი თემაა, თუ რამდენად უცხოა და მტრული ჩვენი ტრადიციული ყოფა ინტელექტუალის მიმართ, რა ჩამოუყალიბებელი და დუხჭირია აკადემიური გარემო.
ვათამაშებდი გოგი გვახარიას. ძალიან კი გამიჭირდებოდა მისი დაყოლიება, მაგრამ ვეცდებოდი იმით, რომ რომანის გმირი სულ რაღაც 47 წლისაა.
ფილმი, რომლის ნახვასაც თქვენს ზარმაც, ცოტათი დაბნეულ სტუდენტებს ურჩევდით არის…
ზარმაცი და დაბნეული ძალიან სხვადასხვა რამეა. ზარმაცებს არაფერს არ ვურჩევდი – ცხოვრება მათი პრობლემაა და თვითონ გაართვან თავი. აი, დაბნეულებს კი ვურჩევდი ბუ ვიდერბერგის ყვავების უბანს: ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი და უნდა ახორციელებდეს მას.