7 გიჟური თეორია “მეგობრების” ფანებისაგან

უკვე 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგობრების უკანასკნელი ეპიზოდი ვიხილეთ, თუმცა რეიჩელს (ჯენიფერ ენისტონი), ფიბის (ლიზა კუდროუ), ჯოის (მეტ ლებლანკი), ჩენდლერს (მეთიუ პერი), მონიკასა (კორტნი კოქსი) და როსს (დევიდ შვიმერი) ჩვენს გულებში დღემდე დიდი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.

ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ამდენი ხნის შემდეგაც კი, თაყვანისმცემლები არ წყვეტენ ახალ-ახალი თეორიების გამოგონებას, რომელთაგანაც 7 ყველაზე სახალისო ამოვარჩიეთ:

ყველაფერი, რაც მეგობრებში ხდება, რეიჩელის გამოგონილია

როდესაც სერიალის მეოთხე სეზონის ოფიციალური პოსტერი გამოქვეყნდა, ფანები სერიოზულად დააფიქრა იმ საკითხმა, თუ რატომ ეძინა ფოტოზე ყველას რეიჩელის გარდა.

გაჩნდა მოსაზრება, რომ მთლიანი სიუჟეტი სწორედ მის თავში, ქორწინების წინა ღამეს განვითარდა. მას ნამდვილად არ სურდა ბარიზე გათხოვება და ამ ნაბიჯს იმდენად განიცდიდა, რომ 5 საუკეთესო მეგობარი გამოიგონა და ამგვარად გაექცა მისთვის მიუღებელ რეალობას.

მეგობრები, სინამდვილეში, სტარბაქსის სარეკლამო ნაბიჯია

შეგიძლიათ დაუშვათ, რომ სერიალი, რომელიც 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, სინამდვილეში სტარბაქსის გაყიდვების ზრდას ემსახურება? მაყურებლებს შორის ასეთებიც აღმოჩნდნენ – ისინი ფიქრობენ, რომ მეგობრებმა თაყვანისმცემლების ქცევა მნიშვნელოვნად შეცვალა და ისინი ყავის სმას მიაჩვია, რადგან პერსონაჟები გამუდმებით ამ სასმელს მიირთმევდნენ.

უშუალოდ სტარბაქსთან კავშირზე კი მათთვის რეიჩელის გვარი Green (მწვანე, რაც ბრენდის ფერია) და მისი ვარცხნილობის ლოგოსთან მსგავსება მიუთითებს. ნამდვილად საინტერესო კონსპირაციის თეორიაა!

ფიბი მეტამფეტამინზე დამოკიდებულია

როგორც ჩანს, თაყვანისმცემლების ფანტაზიას ვერც ფიბი გადაურჩა. მათ ის მეტამფეტამინზე დამოკიდებულ, უსახლკარო გოგონად შერაცხეს, რომელიც ფანჯრიდან შესცქეროდა ცენტრალ პერკის სტუმრებს და ოცნებობდა მათი მეგობარი ყოფილიყო.

ერთ-ერთი თაყვანისმცემელი უფრო შორსაც წავიდა და შოუს ალტერნატიული დასასრული მოიფიქრა, სადაც ბარში მოკალათებული დანარჩენი 5 პერსონაჟი ვიტრინის მიღმა მდგომ ფიბის შემდეგი სიტყვებით აფასებს: “გიჟი ქალი, რომელიც მუდმივად ჩვენ გვაშტერდება!”

რეიჩელი და ჯოი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები

თუ თქვენ რეიჩელსა და როსს გულშემატკივრობთ, ეს თეორია ნამდვილად არ მოგეწონებათ. თუმცა, ფაქტია, რომ მერვე სეზონში როსი დროებით ჯოიმ ჩაანაცვლა და, როგორც აღმოჩნდა, ამ წყვილსაც ჰყოლია თაყვანისმცემლები.

ისინი ფიქრობენ, რომ როსი რეიჩელის მეგობარი არასოდეს ყოფილა. ის მასში ყოველთვის თავისი ოცნების ქალს ხედავდა, რომელზეც თინეიჯერობიდან იყო შეყვარებული და ამის გამო ხშირად ეგოისტურადაც იქცეოდა. ჯოის და რეიჩელის ურთიერთობა კი ნამდვილი მეგობრობით დაიწყო და, მათი აზრით, შესაძლებელი იქნებოდა ამ ყველაფერს უკეთესი განვითარებაც მოჰყოლოდა, ვიდრე ეს უეცრად სადღაც გამქრალი ქიმიაა.

განტერმა (ჯეიმს მაიკლ ტაილერი) ცენტრალ პერკში მეგობრებისთვის მაგიდა მუდმივად დაჯავშნა

როგორ ხდება, რომ მეგობრებს მუდმივად თავისუფალი ხვდებათ საუკეთესო მაგიდა ცენტრალ პერკში? კარგი, თუ არ ჩავთვლით ერთ ეპიზოდს მეორე სეზონიდან, სადაც მათი საყვარელი ადგილი უცხო ჩხუბისთავებმა დაიკავეს.

ფანები ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე რეიჩელზე შეყვარებული განტერის დამსახურებაა, რომელმაც მაგიდა სამუდამოდ დაჯავშნა და სწორედ ასე ახერხებდა საოცნებო ქალთან ახლოს ყოფნას. ამ მოსაზრებას ის არგუმენტიც აძლიერებს, რომ დაკვირვებულმა მაყურებელმა მაგიდაზე რამდენჯერმე ნიშანი “დაჯავშნილია” შეამჩნია.

რეიჩელი პარკებისა და დასვენების პერსონაჟს ხვდება

რეიჩელის თაყვანისმცემლებს, როგორც ჩანს, ერთი სერიალი არ ეყოთ და ფანებმა ერთ-ერთი მათგანი პარკებსა და დასვენებაშიც აღმოაჩინეს.

ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მეშვიდე სეზონის მეცხრე სერიაში ენისტონის გმირმა ის მამაკაცები გაიხსენა, რომლებთანაც პირველივე პაემანზე ეძინა. ჩამონათვალში მოხვდა ბენ ვაიეტიც – ამავე სახელისა და გვარის პერსონაჟი მოგვიანებით სწორედ ზემოთ აღნიშნულ სერიალში გამოჩნდა და ფანების რეაქციამაც არ დააყოვნა.

როსი თავის ვაჟზე, ბენზე მეურვეობას კარგავს

სევდიანია, თუმცა ამ თეორიასაც აქვს არსებობის უფლება. ერთ-ერთი მაყურებელი ფიქრობს, რომ როსი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უცნაური საქციელებით, ვერ შეძლებდა შვილზე მეურვეობის შენარჩუნებას.

ამის არგუმენტად მას ბენის გაუჩინარება მოჰყავს – სერიალის პირველ სეზონებში ბავშვი საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა, მოგვიანებით კი ის მაყურებელს საერთოდ აღარ უნახავს და, უფრო მეტიც, თავის ნახევარდას, ემასაც კი არასოდეს შეხვედრია.

 

 

Comments

comments