დისნეის 10 ფილმის კინოადაპტაცია, რომელსაც მაყურებელი ელოდება

თუ ჟანრებს ასაკობრივად დავყოფთ, ანიმაციას, ცხადია, ბავშვობა შეხვდება. ანიმაციური ფილმებიდან იწყება ეკრანის მიმართ სიყვარული და ფილმები, რომლებიც პატარაობისას აღგვაფრთოვანებდნენ, მუდამ ჩვენთან რჩებიან. სწორედ ამიტომ, Disney-მ გადაწყვიტა, საკულტო ანიმაციებისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა და თანამედროვე ბავშებისთვის შეეთავაზებინა უახლესი სპეცეფექტებით დახუნძლული თვალისმომჭრელი ზღაპრები, წინა თაობებისთვის კი — ბავშვობის განახლებული სამყაროში ხელახლა მოგზაურობა. მან უკვე გამოუშვა მალეფისენტის, კონკიას, ჯუნგლების წიგნისა და მზეთუნახავი და ურჩხულის კინოვერსიები, მაგრამ წინ ჯერ კიდევ უამრავი ზღაპარია, რომელსც მაყურებელი, მიუხედავად მათი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა საკულტო ანიმაციის live action ვერსიების მიმართ, დიდი ინტერესით ელის:

1. პიტერ პენი (2018)

ბიჭუნა, რომელიც არასდროს იზრდება! ვის არ უოცნებია ნევერლენდის კუნძულზე გაფრენაზე და დაკარგულ ბიჭუნებთან ერთად ბუნაგში ცხოვრებაზე. ჯეიმზ მეთიუ ბარის “პიტერი და ვენდის” მიხედვით გადაღებული შესანიშნავი ანიმაცია თავისი დაუვიწყარი პერსონაჟებით და ამაღელვებელი თავგადასავლებით, დისნეის სამყაროს ერთ-ერთი მარგალიტია. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მისი ფილმის დაანონსებით ფანების მრავალრიცხოვანი არმია სიხარულით აავსო.

2. წკრიალა (Tinker Bell)

პიტერ პენის ფილმით აღფრთოვანებულ ფანებს დისნეიმ სიხარული გაუორმაგა და აცნობა, რომ პენის განუყრელი თანამგზავრის, ჭირვეული ფერია წკრიალას თავგადასავალსაც შემოგვთავაზებს. ფერია, რომელიც არ ლაპარაკობს და მხოლოდ ოქროსფერ მტვერს აფრქვევს, მომხიბვლელ მაცდურ არსებად მოგვევლინება. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, სცენარისტები ცოტას მის წარსულზეც გვიამბობენ და გავიგებთ, რატომაა პიტერი მისი უმთავრესი სიყვარული.

3. კრუელა (2018)

ბოროტი და დიდებული ქალბატონი, ლონდონელი დიდგვაროვანი, რომელიც ას ერთი დალმატინელის გატყავებას და შავ-თეთრი ქურქის შეკერვას აპირებდა, ახალი თავგადასავლით დაუბრუნება ეკრანს. მაშინ დალმატინელებმა თავიანთი ლეკვები იხსნეს, თუმცა კრუელა დევილისთვის, რომელსაც ახალ კინოვერსიაში ემა სტოუნის სახით ვიხილავთ, ეს უკანასკნელი ბოროტი საქმე ცხადია არ იქნება.

4. ფიფქია (2018)

კინოეკრანებზე ვიხილავთ ფიფქიასაც, რომლის პირველწყაროც დისნეის ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი იყო. ფიფქიასა და შვიდი ჯუჯის ზღაპარმა გამოსვლისას კინოთეატრები ვერ დაიპყრო, მაგრამ კრიტიკოსებმა ქება-დიდება არ დაიშურეს ანიმაციისა და სცენარისთვის, რაშიც უოლტ დისნეიმ ოსკარიც კი დაიმსახურა (სხვათა შორის, ისტორიაში უნიკალური, რადგან ოქროს ქანდაკებას 7 პატარა ქანდაკებაც მოჰყვებოდა).

5. პინოქიო (2018)

საინტერესო იქნება ხის ბიჭუნასა და მისი მამილო ჯეპეტოს ამბის კინოადაპტაციაც. ვის არ უყვარს ამბავი მატყუარა მარიონეტზე, რომელიც ცისფერ ფერიას ჰპირდება, რომ არ იცრუებს, სამაგიეროდ კი ფერია ნამდვილ ბიჭად აქცევს. მომავალ წელს დისნეი ამ ამბის კინოვერსიას შემოგვთავაზებს.

6. კრისტოფერ რობინი (2018)

ბავშვობის მორიგი სიყვარული: ბუთქუნა პუჰი და მისი განუყრელი მეგობრები — გოჭი, ვეფხვი, იო-იო და სხვები ამჯერად კინოვერსიაში გამოჩნდებიან. ძნელია იმის თქმა, შეძლებს თუ არა ახალი პუჰი და კომპანია, დისნეის ანიმაციის ნახატი გმირების მსგავსად შეაყვაროს ყველას თავი, თუმცა საინტერესო სანახავი ნამდვილად იქნება.

7. მულანი (2019)

მულანის გამოსვლისთანავე ყველამ შეიყვარა მამაცი გოგონა, რომელმაც ოჯახის ღირსების აღსადგენად თმა შეიჭრა, ბიჭურად ჩაიცვა და ომში წავიდა. ამჯერად კი ფანები მამაცი მულანის ჯარისკაც პინგად ქცევას და იმპერატორის გადარჩენის ისტორიას კინოდ იხილავს.

8. პატარა ქალთევზა

დაუვიწყარი მულტფილმი დაუვიწყარი მუსიკით. პატარა ქალთევზას ამბავი, რომელსაც ადამიანობა უნდა, თანაბრად აღელვებს ბავშვსაც და უფროსსაც. რასაკვირველია, ყველას აინტერესებს, როგორ გადმოგვცემს კინოვერსია არიელის წყალქვეშა სამყაროს სილამაზესა და მისტიკას, წითელთმიანი ქალთევზას გარდასახვას და იმღერებს თუ არა ისევ სებასტიანი Under the Sea-ს.

9. ალადინი (2019)

აღმოსავლური ზღაპარი ღარიბ ბიჭსა და ამაყ პრინცესაზე, და რაც მთავარია, ექსცენტრულ ჯინზე, დისნეის ერთ-ერთი რჩეული ანიმაციაა. ჯინის დაუვიწყარი სახე ხომ თავად რობინ უილიამსმა შექმნა. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ კინოადაპტაციაში, რომელსაც გაი რიჩი გადაიღებს, ალადინის როლზე ეგვიპტური წარმოშობის მენა მასუდი დაამტკიცეს, ჟასმინს ნაომი სკოტი შეასრულებს, ხოლო ჯინის როლს ფილმში უილ სმიტი მოირგებს.

10. მეფე ლომი (2019)

უილიამ შექსპირის “ჰამლეტის” მოტივებზე აგებული მეფე ლომის ამბავი, რომელიც სავანის უმშვენიერესი პეიზაჟების ფონზე ვითარდება, მაყურებლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დისნეის ანიმაციაა. ანიმაციიდან ცნობილი ზოგიერთი ხმა ფილმშიც გაისმება, თუმცა ახალი მსახიობებიც დაემატებიან და 2019 წლისთვის მხატვრულ ფილმად გადაკეთებულ სიმბას ისტორიასაც ვიხილავთ.

Comments

comments