“სამეფო კარის თამაშების” კიდევ 5 ტიპის მაყურებელი

აქამდე უკვე წარმოგიდგინეთ “სამეფო კარის თამაშების” 10 ტიპის მაყურებელი, რომლებიც ყველგან არიან და ყველას შეგხვედრია. შოუს მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ფანების კატეგორიებიც იზრდება და იხვეწება. მაშასადამე, თქვენ წინაშეა სამეფო თამაშების კიდევ 5 ტიპის მაყურებელი:

 

1. ყოფილი მაყურებლები, რომლებმაც წითელი ქორწილის შემდეგ სერიალის ყურება შეწყვიტეს

ყოველთვის, როცა შოუს ამ კატეგორიის მაყურებელთან ახსენებ, თავს ვალდებულად მიიჩნევს, აღნიშნოს წითელი ქორწილის ნახვით მიღებული ტრავმა, რომელმაც შეაძულა ყველა და ყველაფერი ამქვეყნად და ფიქრობს, რომ მას, ვისაც ამ მომენტის შემდეგ შოუს ცქერა ისევ შეუძლია, უბრალოდ დემონი ჰყავს ჩასახლებული.

 

2. ფანები, რომლებიც ვერ იტანენ ვერაფერ მაგიურს

ამ ტიპის ფანები ამტკიცებენ, რომ შოუ ბევრად მოიგებდა, თუ დრაკონები და ჯადოქრობა არ იქნებოდა, რადგან ეს ყველაფერი მას რეალიზმს უკარგავს.

კი, არიან ასეთებიც…

 

3. ფანები, რომლებიც ყველასგან მოითხოვენ GoT-ის სიყვარულს

ამ ტიპის ფანი ვერასდროს შეურიგდება ფაქტს, რომ ვინმეს სადმე შეიძლება არ მოსწონდეს სამეფო კარის თამაშები. თუ ჯერ არ გინახავს, ლექციას ჩაგიტარებს იმის შესახებ, თუ რა დიდებულია ის; თუ ალაგ-ალაგ უყურებ, შენი ცხოვრების წესს გააკრიტიკებს და თუ უყურე და არ მოგეწონა, მის თვალში უბრალოდ, ვერ ხარ.

 

4. ფანები, რომლებსაც ინცესტს ვერ ეგუებიან

ისინი ვერ იტანენ ჯეიმის და სერსეის და ახალ სეზონში ვეღარ იტანენ ჯონ სნოუს და დენერისს, ვერ იტანენ მთლიანად ტარგარიენების გვარს, რადგან ინცესტის საფასურად ინარჩუნებდნენ დრაკონის სისხლს.

 

5. ავისმომასწავებლები

“არია მოკვდება…”, “სანსა მოკვდება…”, “ჯონ სნოუ მოკვდება, ოღონდ ჯერ დენერისს მოკლავს…”, “ტირიონი დაჯდება რკინის ტახტზე, მაგრამ ისიც მოკვდება…” “ყველა მოკვდება ღამის მეფის გარდა…” — ასეთი ფანი, სავარაუდოდ, ნედ სტარკის მოულოდნელმა თავის მოკვეთამ დასტრესა, მას შემდეგ ყველგან საყვარელი პერსონაჟის სიკვდილი ელანდება და ავისმომასწავებელი პროგნოზებით ყველას ცხოვრებას უწამლავს.

 

Comments

comments