10 საინტერესო ფაქტი ალფრედ ჰიჩკოკის შესახებ

დღეს, 13 აგვისტოს (1899 წ.) სერ ალფრედ ჰიჩკოკი დაიბადა – გენიალური ინგლისელი კინორეჟისორი და პროდიუსერი, თრილერისა და საშინელებათა ჟანრის ბრწყინვალე წარმომადგენელი. ნოვატორულმა იდეებმა მას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორის სახელი მოუტანა. მისი დამსახურებაა კინოში სასპენსისა და მაკგაფინის ცნებების შემოტანა. სასპენსის ოსტატის პიროვნება მისი ფილმებივით დამაინტრიგებელი და საინტერესო იყო. ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 ფაქტს, რომლებიც მეოცე საუკუნის გენიის შესახებ შეიძლება აქამდე არც გსმენიათ.

1. ჰიჩკოკს არასდროს აუღია ოსკარი რეჟისურაში.

დაუჯერებელია, არა? მისმა ფილმმა – რებეკა – საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა, მაგრამ თავად ალფრედ ჰიჩკოკს არასდროს მიუღია კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის. გარდა ამისა, მისი 16 ფილმი წარდგენილი იყო ოსკარების ნომინაციაზე, მაგრამ არ გაუმარჯვიათ.

2. მას მთელი ცხოვრება პოლიციის ეშინოდა.

5 წლის ჰიჩკოკი მამამ ადგილობრივი პოლიციის სადგურში გააგზავნა ბარათით, რომელშიც პოლიციის ოფიცერს შვილის დასჯის ნებართვას სთხოვდა იმ შემთხვევაში, თუ ის ცუდად მოიქცეოდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი რეჟისორის გამძფრებული შიშისა პოლიციის მიმართ, რაც მის ფილმებშიც აისახა.

3. ჰიჩკოკის რამდენიმე ფილმში მისი ქალიშვილი პატრიცია თამაშობს.

ჰიჩკოკს ერთადერთი შვილი ჰყავდა, პატრიცია, მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება, რომ იგი მამის რამდენიმე ფილმში თამაშობს. ჰიჩკოკს ეს საჯაროდ არასდროს განუცხადებია, მიუხედავად იმისა, რომ პატრიციას სახელი ტიტრებში აღნიშნულია. პატრიცია ჰიჩკოკი ისეთ ფილმებში თამაშობს, როგორებიცაა ფსიქო და უცნობები მატარებელში (ეპიზოდური როლები).

4. დედოფალმა ელიზაბეტმა ჰიჩკოკს რაინდის ტიტული სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მიანიჭა.

როცა კორესპონდენტმა ჰიჩკოკს გკითხა, ამდენ ხანს რატომ არ დააჯილდოვეს ტიტულით, რეჟისორმა უპასუხა: “ალბათ ფეხებზე ეკიდათ ეს ამბავი”. ჰიჩკოკმა სერის ტიტული 1980 წელს მიიღო.

5. მას საკუთარი ფილმები აშინებდა.

1963 წელს მიცემულ ინტერვიუში ჰიჩკოკმა განაცხადა: “საკუთარი ფილმებისა მეშინია, მათ არასდროს ვნახავ. ვერ ვხვდები, როგორ ბედავს ხალხი ჩემი ფილმების ცქერას”. როცა ამ განცხადებას ჟურნალისტმა “ულოგიკო” უწოდა, რეჟისორი დაეთანხმა, თუმცა მიუგო: “მაგრამ, ლოგიკური რაღაა? არაფერია ლოგიკურობაზე დიდი სისულელე”.

6. რეჟისორს სახიფათო და უცნაური ოინების მოწყობა უყვარდა.

ჰიჩკოკი ყოველთვის სერიოზული როდი იყო: ხანდახან თავის გადამღებ ჯგუფს და მსახიობებს უცნაურ, ცოტა არ იყოს, ბოროტ ოინებს უწყობდა. განსაკუთრებით მანიპულირებდა ფობიებით. მაგალითად, თუ ვინმეს ობობების ეშინოდა, მათით სავსე ყუთს საჩუქრად გაუგზავნიდა.

7. მან “ფსიქოპათის” (წიგნი, რომლის მიხედვითაც არის გადაღებული “ფსიქო”) ყველა ეგზემპლარი იყიდა, რომ არავის სცოდნოდა, როგორ მთავრდება ეს ისტორია.

ესეც დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მართლაც ასეა. “გარდიანმა” თავის დროზე შემდეგი დაწერა: “რეჟისორმა 9000$-ად  ფილმის პირველწყაროს, რომან “ფსიქოპათის” ყველა ეგზემპლარი შეიძინა, რომ ვერავის გაეგო, როგორ მთავრდებოდა ამბავი. მან ასევე დახურულ გადასაღებ მოედანზე გადაიღო ფილმი და ყველას შეუთანხმდა, დასასრული არ გაემჟღავნებინათ”.

8. თავისი ფილმისთვის ოსკარის მიღებისას რეჟისორმა ოსკარების ისტორიაში უმოკლესი სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა.

ჰიჩკოკი საკუთარი ერთადერთი ოსკარის მიღებისას სულ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა. იქნებ კინოაკადემიის უსამართლობის გამო იყო განაწყენებული?

9. უოლტ დისნეიმ ჰიჩკოკს უარი უთხრა დისნეილენდში ფილმის გადაღებაზე.

მულტფილმების მეფემ ჰიჩკოკს დისნეილენდში ფილმების გადაღება 1960-იან წლებში აუკრძალა და ამის მიზეზი “ის საზარელი ფსიქო” გახდა.

10. მას ეშინოდა… კვერცხების (რას ვიზამთ, ფობია ფობიაა…).

ალფრედ ჰიჩკოკმა ერთხელ განაცხადა: “ამქვეყნად ყველაზე მეტად კვერცხების მეშინია, საოცრად მეზიზღება ისინი – თეთრი, სრულიად გლუვი მრგვალი საგნები… გინახავთ უფრო საძაგელი რამე, ვიდრე გახეთქილი კვერცხის გული და მისი დაღვრილი ყვითელი სითხე? სისხლი მხიარულია, წითელი, აი, კვერცხის გული კი საზიზღარი ყვითელია. არასდროს გამისინჯავს”.

Comments

comments